Thumbnail

‘სხვა გზა არ მაქვს’ - ნეიმარის ორაზროვანი განცხადება მომავალზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეიმარი ამბობს, რომ კონტრაქტი ბოლომდე უნდა შეასრულოს
  • ბრაზილიელის თქმით, მას სხვა გზა არ აქვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნეიმარი Canal Plus-თან ინტერვიუში ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა. პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ორაზროვანი განცხადება გააკეთა.

“ჩემი ამბიციები არასდროს იცვლება: ყოველთვის ყველა ტიტულის მოგება მინდა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მინდა, რომ კარგად ვთამაშობდე, ასევე გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული,” - განაცხადა 30 წლის ნეიმარმა და მერე უფრო მეტ კონკრეტიკაზე გადავიდა.

რაკი ბოლო დროს ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ, რომ შეიძლება ბრაზილიელმა პარიზი დატოვოს, დაუსვეს კითხვა, უნდა თუ არა ხსენებული მიზნების პსჟ-სთან ერთად მიღწევა, რაზეც ასე უპასუხა: “დიახ, ეს პარიზში უნდა მოხდეს! პსჟ-სთან კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა არჩევანი და სხვა გზა არ მაქვს.”

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა 2021 წელს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, იმისათვის, რომ კილიან მბაპეს სარეკორდო კონტრაქტის დაფინანსებას პრობლემები არ შეექმნას, პარიზელები მზად არიან, კარგი შეთავაზების შემთხვევაში ნეიმარი გაყიდონ. ფრანგული მედია წერდა, რომ მბაპეც არ არის ნეიმარის გაშვების წინააღმდეგი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნეიმარი აფიქსირებს, რომ პსჟ-სთან კონტრაქტი აქვს, თუმცა მისი ფრაზა “სხვა არჩევანი არ მაქვს” პარიზში ბევრს არ მოეწონებოდა. როგორც იცით, მას ასტრონომიული კონტრაქტი აქვს - წელიწადში მინიმუმ 37 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამდენს მას სხვა გრანდები ვერ შესთავაზებენ.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს, ბარსელონადან სარეკორდო თანხად (222 მილიონ ევროდ) გაიყიდა. მართალია, ბრაზილიელი პარიზულ გრანდში 4-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და 2-ჯერ მოიგო თასი, მაგრამ მთავარ მიზანს ვერაფრით მიაღწია - ფრანგულ გრანდში ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები