Thumbnail
  • დიტმარ ჰამანმა ლივერპულის სეზონი კრიტიკულად შეაჯამა
  • გერმანელმა ყველაზე მეტად ტიაგო და კეიტა გააკრიტიკა
  • მისი აზრით, კლოპის გუნდის ნახევარდაცვა შესაცვლელია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ლივერპულის და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მერსისაიდული კლუბის რამდენიმე მოთამაშე გააკრიტიკა. გერმანელმა განსაკუთრებით მკაცრად ტიაგო ალკანტარაზე ისაუბრა.

“ჩემი აზრით, ლივერპულის ხელმძღვანელებმა გუნდი უნდა განაახლონ. ვფიქრობ, განახლება ყველაზე მეტად ნახევარდაცვას სჭირდება, - წერს ჰამანი Sky-ს სტატიაში.

მისი აზრით, ყველაზე დიდ კრიტიკას ლივერპულის ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა იმსახურებს: “ტიაგოს გარშემო ატეხილი აურზაური არ მესმის. ჩემი აზრით, ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ზედმეტად შეფასებული ფეხბურთელია. როცა გუნდს თამაში მისდის და ბურთს ფლობს, ტიაგო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ როცა ფიზიკური ორთაბრძოლებით დატვირთული, ხისტი თამაში მიდის, მისგან ვერაფერს ვხედავთ.”

'ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ზედმეტად შეფასებული ფეხბურთელია'

როგორც იცით, ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალთან 0:1 დამარცხდა. ჰამანმა ტიაგოსთან ერთად ნაბი კეიტაც გააკრიტიკა. გერმანელის აზრით, ლაიპციგიდან 2018 წელს 60 მილიონად შეძენილი 27 წლის კეიტა ლივერპულში “ერთი დიდი იმედგაცრუებაა”. ჰამანი იმასაც წერს, რომ ჯორდან ჰენდერსონს პატივს სცემს, მაგრამ ის “მხოლოდ მუშა ფეხბურთელად მიაჩნია”.

დიტმარ ჰამანი Sky-ს ექსპერტია

“ლივერპულს ნახევარდაცვაში ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, რომელიც გუნდს რაღაც განსაკუთრებულს შემატებს, რომლითაც ლივერპული განსხვავებული იქნება.” - წერს გერმანელი.

ჰამანმა ერთ საინტერესო დეტალზეც გაამახვილა ყურადღება: “კლოპის გუნდს ამ სეზონში სამი ფინალი ჰქონდა - ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის ლიგის თასის და ასოციაციის თასის. ამ 3 ფინალში ლივერპულმა 1 გოლიც კი ვერ გაიტანა. თანაც, ინგლისის ფინალებში დამატებითი ტაიმებიც ჰქონდა. ვფიქრობ, როცა ერთი სეზონის 3 ფინალში გოლს ვერ გაიტან, ეს მინიმუმ დამაფიქრებელია.”

გერმანიის ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი დიტმარ ჰამანი ლივერპულის ერთ-ერთი ლეგენდაა. იგი მერსისაიდულ კლუბში 1999-დან 2006 წლამდე თამაშობდა და 191 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები