Thumbnail
  • ბილდმა ფრაიბურგის ყველა დროის TOP 50 ფეხბურთელი გამოაქვეყნა
  • სიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ქართველი მოთამაშეა
  • ვინ რომელ ადგილზეა - ყველაზე საინტერესო ეს არის
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

‘ვილების’ ეპოქა - ასე უწოდებენ ფრაიბურგში იმ დროს, როცა SCF-ში 3 ქართველი “ვილი” თამაშობდა: ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი და ლევან ცქიტიშვილი. იყო კიდევ ერთი, ნამდვილი “ვილიც” (ტობიას ვილი), მაგრამ ის გუნდის ლიდერი არ ყოფილა - უბრალოდ გვარის გამო ამატებენ ხოლმე ვილების ეპოქის სიას.

გერმანულმა “ბილდმა” ახლა ფრაიბურგის ყველა დროის 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია შეადგინა. გამოცემის ფრაიბურგელი ჟურნალისტები რამდენიმე კვირის მანძილზე ადგენდნენ TOP 50-ს - გამოიყენეს სხვადასხვა სტატისტიკები, გამოჰკითხეს ყველა თაობის გულშემატკივარი, გაანალიზეს არქივები და ასე შედგა ფრაიბურგის ყველა დროის 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ქართველებიც არიან. შეგახსენებთ, რომ ფრაიბურგში ოთარ ხიზანეიშვილი და ზაზა ზამთარაძეც იყვნენ, მაგრამ მათ ამ სიაში არც ველოდით.

ცქიტიშვილი კობიაშვილს როსტოკის ჰანზასთან გატანილ გოლს ულოცავს [1999 წელი]

რაც შეეხებათ იაშვილს, კობიაშვილს და ცქიტიშვილს: ისინი TOP 20-ში არიან და რაც ყველაზე საინტერესოა, ერთად - მე-19, მე-18 და მე-17 ადგილებზე. აი, რას წერს “ბილდი” თითოეულ მათგანზე:

მე-19 ადგილი: ალექსანდრე იაშვილი - ფრაიბურგისთვის ყველაზე მეტი, 281 თამაში ჩაატარა და ფოლკერ ფინკეს დროს გუნდის კაპიტანიც იყო.

მე-18 ადგილი: ლევან ცქიტიშვილი - ქართველმა ნახევარმცველმა ბრაისგაუში 7 წელი ითამაშა და შესანიშნავ დუეტს ქმნიდა კიდევ ერთ მაგარ ქართველთან, ლევან კობიაშვილთან ერთად, რომელმაც მერე შალკეშიც დიდხანს ითამაშა.

მე-17 ადგილი: ლევან კობიაშვილი - ლეგენდარული “ვილების ეპოქის” კიდევ ერთი წარმომადგენელი. განსაკუთრებით მისი საჯარიმო დარტყმები იყო ფრაიბურგის იარაღი. ფრაიბურგის მაისურით 185-ჯერ ითამაშა და 35 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ TOP 50-ში ქართველი ფეხბურთელები ისეთ მოთამაშეებს უსწრებენ, როგორებიც არიან რობინ კოხი (49-ე ადგილი, ის ახლა გერმანიის ნაკრებშია), დენის აოგო (46), სებასტიან კელი (45), რომან ბიურკი (44), საშა რიტერი (35), დანიელ კალიჯური (34), პაპის დემბა სისე (22), მაქს კრუზე (21) და მაიკ ფრანტცი (20).

შტეფან ეფენბერგი და ალექსანდრე იაშვილი [2001 წელი]

სიაში ქართველებზე წინ არიან ვინჩენცო გრიფო (14), მათიას გინტერი (8), იენს ტოდტი (7), კრისტიან გიუნტერი (5), ნიკო შლოტერბეკი (4) და როდოლფო კარდოსო (3). რაც შეეხება საუკეთესოებს: მეორე ადგილზეა გერმანიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, ხოლო ფრაიბურგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად კი ნილს პეტერსენი დაასახელეს, რომელიც ფრაიში 2015 წლიდან თამაშობს და ყველა დროის ბომბარდირია (ლიოვს გაასწრო).

კომენტარები

ბოლო ამბები