Thumbnail
  • მილანის სკუდეტო პირველ რიგში მალდინის და პიოლის დამსახურებაა
  • კლუბს სწორი სატრანსფერო კამპანია და გამართული სათამაშო სისტემა აქვს
  • რაფაელ ლეაო სეზონის საუკეთესო მოთამაშე იყო
  • მილანის შეტევისთვის გადამწყვეტი მარცხენა ფლანგია
  • პიოლიმ ამ შემადგენლობით მაქსიმუმს მიაღწია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ახალი მილანი 2019 წლის 22 დეკემბერს დაიბადა. დაიბადა კონფლიქტით, კრიზისულ ვითარებაში.

იმ დღეს მილანმა ატალანტასთან კატასტროფული მარცხი იწვნია (0:5) და ისე ჩანდა, რომ მილანიდან საფეხბურთო ხალხის წასვლა დღეების ამბავი იყო. სტეფანო პიოლის და მილანის დირექტორებს, ზვონიმირ ბობანს და პაოლო მალდინის ღია კონფლიქტი ჰქონდათ ივან გაზიდისთან, მილანის კიდევ ერთ დირექტორთან. ეს ფეხბურთის და ბიზნესის ხალხის კლასიკური დაპირისპირება იყო. გაზიდისს პიოლის გაშვება და მის ნაცვლად რალფ რანგნიკის დანიშვნა ჰქონდა გადაწყვეტილი. პიოლის მისი მხარდამჭერები, მალდინი და ბობანი უნდა მიჰყოლოდნენ.

მილანი რანგნიკთან და გაზიდისთან ერთად დაბალბიუჯეტიანი, მცირე ამბიციების მქონე, რეგიონული კლუბი უნდა გამხდარიყო - ლაიპციგის ან ატალანტას სტილში. ეს ნიშნავს გამოცდილ მოთამაშეებზე უარის თქმას, ახალგაზრდების გაზრდას მათი გაყიდვის მიზნით და კარგ სეზონებში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. ამას ატალანტა და ლაიპციგი ხშირად აკეთებენ. უბრალოდ, მილანი ატალანტა არ არის.

ახლა წარსულ დროში მტკიცებითი ტონით საუბრი იოლია, მაგრამ მაშინ: როგორ არ გინდა, გაუშვა მწვრთნელი, რომელიც 0:5-ს აგებს?!

სწორედ იმ მომენტში მოხდა მთავარი გარდატეხა. ფეხბურთელებმა მომენტი იგრძნეს და მწვრთნელის გარშემო გაერთიანდნენ. სეზონის მეორე ნახევარი მილანმა შთამბეჭდავად ჩაატარა. კოვიდ-პაუზის შემდეგ საერთოდაც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. შემდეგი სეზონი კი ისე დაიწყო, რომ აშკარად ჩანდა - ეს გუნდი 'სკუდეტოსთვის' იბრძოლებდა. ამ შედეგებმა არამხოლოდ პიოლი დატოვა კლუბის სათავეში, არამედ მალდინის არჩეული სტრატეგიის მართებულობაც დაადასტურა. გაზიდისს კლუბის გარდაქმნის გეგმაზე უარის თქმა მოუწია.

მალდინის სტრატეგია

პაოლო მალდინის სტრატეგია მარტივი იყო: მილანი ყოველთვის დიდი გუნდივით უნდა იქცეოდეს, მაშინაც კი, როცა მინდორზე დიდი გუნდივით არ თამაშობს და ბიუჯეტიც ხელს არ უწყობს.

სწორედ ამ მენტალობის ჩამოყალიბებისთვის იყო ფუნდამენტური მნიშვნელობის კლუბში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება. ზლატანის ხასიათზე და მის თვისებებზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ეს ყველასთვის გზავნილი იყო. მილანი არ გეგმავს მომავალს 5-10 წლის შემდეგ. მილანი გამარჯვებას ახლავე აპირებს და ამისთვის ის მოთამაშე მოჰყავს, რომელსაც კარიერაში მაღალ დონეზე 1-2 სეზონი აქვს დარჩენილი.

იბრა მილანის გასახდელის ლიდერი იყო

ამავე სტრატეგიაში ჯდებოდა ოლივიე ჟირუს ტრანსფერიც. ვეტერანი ფორვარდი მილანს ძალიან გამოადგა - 11 გოლის გარდა იგი დიდი მოცულობით შავ სამუშაოს ასრულებდა. ჟირუმ იბრა მოედანზე სრულფასოვნად შეცვალა. ფრანგი ძალიან მაგრად თამაშობს თავით, ეხერხება მეტოქის კარისკენ ზურგით თამაში, პირველი პასის მიღება და ბურთის გათამაშება.

სწორედ ჟირუმ შეაგდო ორი გადამწყვეტი გოლი ინტერთან, მეორე წრის შეხვედრაში, როცა მატჩის ბოლოს მილანი თავის უპირველეს კონკურენტთან აგებდა და 'სკუდეტოს' ბედიც თითქოს გადაწყვეტილი იყო. ჟირუმ თამაში 3 წუთში შეატრიალა.

აქედან მილანის ხასიათზე უნდა მივიდეთ. იბრას და ჟირუსნაირ ფეხბურთელებს საჩემპიონო გამოცდილება აქვთ. გამოცდილება და ხასიათი. მილანმა წელს ძალიან ბევრი თამაში მოიგო სწორედაც რომ ხასიათზე, ერთი ბურთით, ბრძოლაში. 24-დან 12-ჯერ მილანმა სწორედ ერთი ბურთით მოიგო. წლევანდელი მილანი კონკურენტებზე ერთი თავით უკეთესი გუნდი არ ყოფილა. მეტიც, შარშანდელი სეზონის პირველ ნახევარში ალბათ უფრო შთამბეჭდავ ფეხბურთსაც თამაშობდა, მაგრამ წელს გუნდს საჩემპიონო ხასიათი და გამოცდილება ჰქონდა. ის გამოცდილება, რთული თამაშის 1:0 მოგებაში რომ გეხმარება.

ხასიათზე, თანაბარი მატჩების მოგება რომ არა, მილანი 'სკუდეტომდე' ვერ მივიდოდა. მილანის მესამედზე, მისი კარის სიახლოვეს ბურთი სათამაშო დროის 26 პროცენტს ატარებდა, მეტოქის მესამედზე კი მხოლოდ 5 პროცენტით მეტს - 31 პროცენტს. ანუ, მილანს დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა იშვიათად ჰქონდა ხოლმე.

დიდი გუნდივით იქცეოდა მილანი სატრანსფერო ბაზარზე. ჯიჯო დონარუმას, ჰაქან ჩალჰანოღლუს და ფრანკ კესის გაყიდვაზე მაშინაც კი უარი თქვა, როცა მათ კონტრაქტი უმთავრდებოდათ და საფეხბურთო ბიზნესის ლოგიკით, მათი გაყიდვა სწორი ნაბიჯი იქნებოდა. მილანმა უარი თქვა რამდენიმე ათეულ მილიონზე მაშინ, როცა ეს გუნდის დასუსტებას ნიშნავდა. გზავნილი ნათელი იყო: მილანი უპირველეს ყოვლისა შედეგზე, დიდ მიზნებზე ზრუნავს.

სისტემა და სწორი სატრანსფერო პოლიტიკა

ეს მილანი დაბალი ბიუჯეტით აწყობილი გუნდია. ამ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გუნდისთვის ორ ფაქტორს: სწორ სატრანსფერო პოლიტიკას და გამართულ, კარგად ორგანიზებულ სათამაშო სისტემას. პიოლი სათამაშო სტრუქტურას წლების მანძილზე აშენებდა. მილანი მუდამ 4-3-3-ით (ან მისი მსგავსი 4-5-1) თამაშობს, რომელშიც წლების მანძილზე თითოეულმა რგოლმა ზუსტად იცის მისი ფუნქცია მოედანზე. ავტომატიზმის, სტრუქტურირებული თამაშის მნიშვნელობა პიოლის გუნდისთვის ძალიან დიდია.

პიოლი და მალდინი - მილანის წარმატების მთავარი შემოქმედები

შედეგად, უფრო იოლია ზუსტად ორიენტირებული სატრანსფერო კამპანიის წარმოება. მალდინიმ ზუსტად იცის, რა ტიპის მოთამაშე სჭირდება თითოეული სათამაშო რგოლისთვის. ეს სიტუაცია დიამეტრულად განსხვავდება მაგალითად იუვენტუსისგან, რომელმაც 3 წელიწადში სამი მწვრთნელი შეცვალა და ყოველ სეზონს ახალი სათამაშო სისტემით და სტრუქტურით იწყებდა, რაც მოთამაშეებს მათი საუკეთესო თვისებების გამოვლინებაში ხელს უშლის.

მილანის თითქმის ყველა ტრანსფერი წარმატებული აღმოჩნდა. მაიკ მენიო, ფიკაიო ტომორი, სანდრო ტონალი, ოლივიე ჟირუ, რაფაელ ლეაო, იქამდე ისმაელ ბენასერი და თეო ერნანდესი გუნდს ძალიან კარგად მოერგნენ.

ბოლო ორ სეზონში მილანმა სრულად შეცვალა ცენტრალური მცველების წყვილი: კიაერი-რომანიოლის ნაცვლად პიოლიმ სეზონი ტომორი - კალულუს დუეტით დაასრულა, თუმცა კარგად ორგანიზებული სისტემის ფონზე ეს შედეგებზე საერთოდ არ ასახულა. პირიქით, მილანმა ამ სეზონში სერია A-ში ყველა ცოტა გოლი გაუშვა - 38 თამაშში 31 მიღებული გოლით მილანის დაცვა ნაპოლისთან ერთად საუკეთესო იყო.

როგორ თამაშობს მილანი?

პიოლის გუნდს ბოლო 4 ტურში ძალიან რთული კალენდარი ჰქონდა. ცოტას თუ სჯეროდა, რომ ‘როსონერი’ ოთხიდან ოთხივეს მოიგებდა. გადამწყვეტი პირველი თამაში აღმოჩნდა - ‘სან სიროზე’ ფიორენტინასთან, ძალიან დაძაბული და თანაბარი შეხვედრის მიწურულს, რაფაელ ლეაომ მეტოქის მეკარეს პასი ჩაუჭრა და ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით მცველებს შანსი არ დაუტოვა.


მნიშვნელოვანის გარდა, სიმბოლური გოლიც იყო - ამ მილანის საუკეთესო თვისებების დემონსტრაციას ძალიან კარგად ახდენდა. პიოლის გუნდი სერია A-ში ყველაზე თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. თანამედროვეა მილანის პრესინგი - ამ გუნდის ალბათ ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავი იარაღი. მილანის პრესინგის სტრუქტურა ძალიან ჰგავს კლოპის ლივერპულის სტრუქტურას. ფლანგის შემტევები შუაში შედიან და შემტევი სამეული ვიწროდაა განლაგებული. შემტევებიდან ვერ იტყვი მაგალითად, ანტე რებიჩზე, ან ალექსის სალემაეკერსზე, რომ მსოფლიო კლასის ფორვარდები არიან, სამაგიეროდ, პრესინგს ძალიან მაგრად თამაშობენ.

მოედნის ცენტრში სამივე ნახევარმცველი ბევრს და აგრესიულად მუშაობს და მუდამ მზად არის ჩაჭრის ან ართმევისთვის. პრესინგი სინქრონულ მოძრაობას ნიშნავს და აქედან პიოლის წლებით გამართულ, სისტემურად ორგანიზებულ თამაშამდე მივდივართ.

პრესინგს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს როგორც მილანის დაცვისთვის, ისე შეტევისთვის. პიოლის გუნდს კლასიკური გამთამაშებელი არ ჰყავს და მოედნის ცენტრზეც ვერ იტყვი, რომ ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეები არიან განლაგებულები. ამ სიტუაციაში მეტოქისთვის ბურთის ართმევას და სწრაფ შეტევას ღია სივრცეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ უჭირდა მილანს მასირებული დაცვის წინააღმდეგ, სივრცეების გარეშე თამაში. ამ დროს ‘როსონერის’ მხოლოდ ჟირუს (ან იბრას) სიმაღლის და გაბარიტების იმედი აქვს. ბურთის ართმევის შემდეგ სივრცეში, სწრაფი შეტევის დროს კი მილანის ფლანგის შემტევები, უპირველეს ყოვლისა კი ლეაო, ძალიან მაგრები არიან.

ლეაო საერთოდაც იტალიაში ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშე იყო. მას 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ჰქონდა - ერთი შეხედვით არცთუ ისე შთამბეჭდავი შედეგი, თუმცა თავისი ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით მილანისთვის ბევრი თამაში მოიგო. წლევანდელი 'სკუდეტო; პორტუგალიელის გარეშე არ იქნებოდა.

ზოგადად, პიოლის სისტემაში მარცხენა ფლანგს შეტევის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეტევების 36 პროცენტს პიოლი სწორედ მარცხნიდან ახორციელებს.

მილანს უფრო შემტევი მარცხენა და უფრო დაცვითი მარჯვენა ფლანგი აქვს. ლეაოს გარდა, მარცხნივ თამაშობს მილანისთვის კიდევ ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის მოთამაშე, თეო ერნანდესი. ის მილანის შეტევების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია და თავისი ჩართვებისა და გარღვევების წყალობით ძალიან კარგად გადააქვს ბურთი დაცვიდან შეტევაში.

თეოს თამაშში 1.6-ჯერ გაყავს თანაგუნდელები პასით დასარტყმელ პოზიციაზე, რაც მარცხენა მცველისთვის ძალიან კარგი შედეგია. ამ შედეგით ის საუკეთესოა გუნდში. მეორე ადგილზე კი სწორედ მისი თანაფლანგელი ლეაოა - თამაშში 1.2 პასით, რომელსაც მეტოქის კარში დარტყმა მოჰყვება.

თეო ერნანდესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე

ერნანდესი თამაშში საშუალოდ 42.8 გადაცემას ასრულებს, რაც ცენტრალური მცველების შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია გუნდში. ანუ, თეო გუნდის ფაქტობრივი გამთამაშებელია და ამას დაცვის მარცხენა ფლანგიდან აკეთებს.

ლეაოსთან და ერნანდესთან ერთად შეუძლებელია, არ აღინიშნის მილანის ჩემპიონობაში სანდრო ტონალის წვლილი. ტონალი მილანის ლიდერად იქცა და მომავალშიც ეს ფუნქცია უნდა აიღოს თავის თავზე. ის შუაშიც ბევრს მუშაობს და შეტევაშიც ერთვება. საჩემპიონო ბრძოლაში მილანი სწორედ ლაციოსთან ტონალის ბოლო წამებზე გატანილმა გოლმა დააბრუნა.

დასკვნა

მილანმა იტალიის ჩემპიონობა იზეიმა, თუმცა ევროპული ფეხბურთის ფავორიტებში სრულფასოვან დაბრუნებამდე ჯერ შორია. კლუბს სტაბილური, ახალი მფლობელი სჭირდება, რაც ჩემპიონთა ლიგის შემოსავლებთან ერთად, ახალი ინვესტიციების გაკეთების საშუალებას მისცემს. გუნდის გაძლიერება აუცილებელია, განსაკუთრებით ორ ფრონტზე (სერია A, ჩემპიონთა ლიგა) წარმატებით თამაშისათვის. რამდენიმე კარგი ტრანსფერი და ახალგაზრდების (ტონალი, ერნანდესი, ლეაო, კალულუ, ტომორი) შემდეგი პროგრესი მილანს უკვე ევროპული მასშტაბით ფავორიტებში დააბრუნებს.

მოცემული, მინიმალური რესურსებით პიოლიმ და მალდინიმ მაქსიმუმი დადეს - შექმნეს საინტერესო და მებრძოლი გუნდი, რომელიც უკვე იტალიის ჩემპიონია.

"ახლა ვზეიმობთ, მერე კი თამასას უფრო მაღლა ავწევთ." - ეს პიოლის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები