- ფინალში ლიგის ორი საუკეთესო დაცვა ხვდება ერთმანეთს
- გოლდენ სტეიტი ფავორიტია, ბოსტონის მთავარი პრობლემა დაკარგვებია
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
სტივ კერის ეპოქაში, მის უკვე ლეგენდად ქცეულ გუნდს, NBA-ში ყველა მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვს. გამონაკლისი მხოლოდ ერთია: გოლდენ სტეიტს ბოლო 8 წელიწადში ბოსტონთან 9 მარცხი მაქვს და მხოლოდ 7 გამარჯვება. ბოსტონს ‘უორიორსის’ მასშტაბამდე ბევრი აკლდა, თუმცა გოლდენ სტეიტისთვის ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო.
ზოგადად, კელტებს უყვართ საკუთარ ‘ტიდი გარდენში’ დიდ გუნდებს აჩვენონ ხოლმე, რომ მათ მხარეს ისტორია და სელტიკსის ლეგენდაა. ბოსტონი ყოველთვის დიდი გუნდია და მუდამ ასეთად დარჩება. ახლა სელტიკსი თითქოს ახალ დიდ ციკლს იწყებს და მათ წინააღმდეგ ბოლო წლების ყველაზე დომინანტი გუნდია: ტიტულის ახალი მაძიებლები გამოცდილი, ლეგენდარული ჩემპიონების წინააღმდეგ. ისტორიული სელტიკსი ისტორიის შექმნის პროცესში მყოფი გოლდენ სტეიტის პირისპირ - ისეთი ფინალია, სიუჟეტურად კარგ ფილმს რომ მოუხდება.
უორიორსი ფავორიტია - სტეფ კარის სახით სერიაში საუკეთესო მოთამაშე ჰყავს. მას საჩემპიონო ტრადიცია და გამოცდილება უმაგრებს ზურგს. გოლდენ სტეიტს წლობით დალაგებული სათამაშო სისტემა და ფილოსოფია აქვს, დაცვა და შეტევა ერთანაირად კარგად ეხერხება. გოლდენ სტეიტის დაცვას რეგულარულ სეზონში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. შეტევაში რეგულარულ სეზონში ‘უორიორსი’ თამაშში 111 ქულას აგდებდა, რაც ლიგაში მეთერთმეტე შედეგია, მაგრამ დიდ გუნდებს პლეი ოფში მომატება სჩვევიათ, სტივ კერის გუნდმაც ასე ქნა: პლეი ოფში გოლდენ სტეიტი თამაშში 116 ქულას აგდებს, ანუ თითქმის 5 ქულით მეტს, ვიდრე რეგულარულში. არადა, პირიქით არის ხოლმე - ჩვეულებრივ, პლეი ოფში ჩაყრა უფრო ძნელია და შედეგიანობა კლებულობს.

თავისი იარაღები ბოსტონსაც აქვს. სელტიკსს იანვრისთვის 23 მოგება და 24 მარცხი ჰქონდა და პლეი ოფისთვის ბრძოლა მის მაქსიმუმად ჩანდა. თუმცა, იმე უდოკას გუნდმა 2022 წელს საუკეთესო კალათბურთი ითამაშა და სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზე დაასრულა. ეს სელტიკსის დაცვის დამსახურებაა. თამაშში მიღებული 105.2 ქულით ბოსტონის დაცვა საუკეთესო იყო რეგულარულში. ეს ტენდენცია პლეი ოფშიც გრძელდება. ბოსტონმა ურთულესი გზა გაიარა - ბრუკლინის, მილუოკის და მაიამის წინააღმდეგ და მეტოქეებს საშუალოდ თამაშში 105.1 ქულას აგდებინებს. ბოსტონის დაცვა სტაბილურად გაუვალია, არ აქვს მნიშვნელობა, მას იანისი უტევს თუ კევინ დურანტი.
ახლა უდოკას გუნდს გამოცდის ჩაბარება არამხოლოდ სტეფ კარის, არამედ გოლდენ სტეიტის უნაკლო შემტევი სისტემის და ერთდროულად 4 შემტევი ოპციის (კარი, კლეი, უიგინსი, პული) წინააღმდეგ მოუწევს.
სელტიკსი განსაკუთრებით კარგად იცავს მეტოქის პოზიციურ შეტევებს, ანუ იმას, რაც გოლდენ სტეიტის ძლიერი მხარეა. პოზიციური შეტევების დროს სელტიკსი მეტოქეს 100 პოზიციაზე 87.5 ქულას აგდებინებს, რაც ფენომენალური შედეგია. მაგალითად, პოზიციური შეტევის დროს საშუალოდ 88.6 ქულას აგდებენ ლიგის ორი აუტსაიდერი დეტროიტი და ოკლაჰომა. ანუ ბოსტონს მეტოქის პოზიციური შეტევა დეტროიტის დონეზე (და უფრო ქვემოთ) დაჰყავს.

სწორედ სელტიკსთან თამაშის დროს იტკინა ფეხი სტეფ კარიმ რეგულარულში, პირველი ნახევრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე და გოლდენ სტეიტს ამ მომენტისთვის მხოლოდ 25 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. ეს შეხვედრა უორიორსმა 88 ქულით დაასრულა, რაც ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია სტივ კერის გუნდისთვის.
შემთხვევითი არ არის, რომ ბოსტონის წლევანდელ გუნდს უკვე ადარებენ დეტროიტის ლეგენდარული ‘ცუდ ბიჭების’ მეორე თაობასთან, ამ საუკუნის დასაწყისში, თავისი ბენ და რაშიდ უოლასებით, ტაიშონ პრინსით და ჩონსი ბილაპსით.
სელტიკსს იოლად შეუძლია, რომ გოლდენ სტეიტს მის საყვარელ თამაშში აჰყვეს და მსუბუქი ხუთეულით ითამაშოს - გრანტ უილიამსი ცენტრად დადგება, მასთან ერთად სმარტი, ჯეილენ ბრაუნი, ტეიტუმი და დერეკ უაითი. ეს უნივერსალური დაცვითი ხუთეულია - ხუთივეს შეუძლია მოთამაშის გაცვლა და ე.წ. ‘სვიჩის’ გაკეთება, რაც ასე მნიშვნელოვანია გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ. დაახლოებით ასე თამაშობდა ტორონტო თავის საჩემპიონო სეზონში.
იმე უდოკას ამ სცენარისთვის მთელი გუნდი ჯანმრთელად სჭირდება. არადა, რობერტ უილიამსს ბოსტონის ცენტრს, ფეხი სტკივა და ბოლომდე ჯანმრთელი არც მარკუს სმარტია. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ სმარტს, სეზონის საუკეთესო მცველს, კარის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ეს ამ სერიის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირებაა.
ბოსტონს ძლიერ მხარეებთან ერთად სისუსტეებიც აქვს. სელტიკსის შეტევა არასტაბილურია, არადა უორიორსს ტეიტუმის და ბრაუნისნაირი ვარსკვლავები ამ წლებში ბევრი გაუჩერებია. ბოსტონს ამ პლეი ოფში შედეგიანი თამაშებიც ჰქონდა და ისეთებიც, 90 ქულებში რომ დარჩა. თუ გოლდენ სტეიტს 100 ქულას ვერ ჩაუგდებ, მოგების შანსი თითქმის არ გაქვს. მთავარი პრობლემა დაკარგვებია. სელტიკსს კლასიკური გამთამაშებელი არ ჰყავს - ბურთი მარკუს სმარტს ან ტეიტუმს და ბრაუნს მოაქვთ. ბურთის დაკარგვა იოლ შეტევას ღია სივრცეში და მარტივ ორ ქულას ნიშნავს.

ტეიტუმმა პლეი ოფის 18 შეხვედრაში ბურთი 77-ჯერ დაკარგა, ეს 18-ით მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერმა მოთამაშემ. ბრაუნს თამაშში 3 დაკარგვა აქვს. სელტიკსმა 12 თამაში მოიგო ამ პლეი ოფში და საშუალოდ 12.8 დაკარგვა ჰქონდა ამ შეხვედრებში (რაც ცოტა არ არის). იმ 6 თამაშში, როცა ბოსტონმა ბურთი 15-ზე მეტჯერ დაკარგა, ის აუცილებლად მარცხდებოდა. სწორედ ამიტომ, უდოკას გუნდმა ასე ძალიან იწვალა აგრესიული მაიამის წინააღმდეგ. მაიამისთან სამი მარცხის დროს სელტიკსს თამაშში 18.7 დაკარგვა ჰქონდა, ოთხ მოგებულ შეხვედრაში კი - მხოლოდ 11.5.
მოკლედ, სელტიკსს მოუწევს, რომ ბურთს გაუფრთხილდეს. სხვანაირად გოლდენ სტეიტთან შანსი არ ექნება.
კიდევ ერთი ფაქტორი მოხსნები იქნება. სელტიკსი თავის ფარზე აცილებული ბურთების მხოლოდ 72 პროცენტს ხსნის. ანუ 3-დან ერთ შეტევაში მეტოქეს მეორე შანსს აძლევს. გოლდენ სტეიტთან ეს ცუდი იდეაა. არ შეიძლება, სტეფს და კლეის ერთ შეტევაში ორი შანსი მისცე.
ბოსტონს თუ უნდა, რომ შანსი ჰქონდეს, ტეიტუმმა სუპერვარსკლავივით უნდა ითამაშოს. სელტიკსის შეტევა არასტაბილურია. ტეიტუმის და ბრაუნის გარეშე ‘კელტებს’ სტაბილური შემტევი ოპცია არ აქვთ. ტეიტუმს ამ პლეი ოფში 46-ქულიანი თამაშებიც ჰქონდა (მილუოკისთან) და მაიამისთან და მილუოკისთან მესამე თამაშებში 15 ქულებსაც ვერ აცდა. სუსტი კი არა, უბრალოდ კარგი ტეიტუმი გოლდენ სტეიტს არ ეყოფა. ტეიტუმი ძალიან კარგი უნდა იყოს.
გოლდენ სტეიტი აქცენტს მეტოქის ვარსკვლავების დაკეტვაზე აკეთებს, სუსტ მსროლელებს კი ჩვეულებრივ სტივ კერი ღიად ტოვებს ხოლმე პერიმეტრზე. ანუ, მარკუს სმარტმა და დერეკ უაითმა თავისუფალი სროლები უნდა ჩააგდონ. რეგულაურში სტივ კერმა ეს ნომერი დერეკ უაითის წინააღმდეგ უკვე ჩაატარა - უაითი 8-ჯერ დატოვეს თავისუფალ სროლაზე მანაც ყველა ააცილა, არადა ჩვეულებრივ ის სამიანების 30 პროცენტზე მეტს აგდებს. თუ სმარტი და უაითი ააცილებენ, ეს იმას ნიშნავს რომ გოლდენ სტეიტის დაცვა მთლიანად ტეიტუმი-ბრაუნის დუეტზე კონცენტრირდება და მათაც ძალიან, ძალიან გაუჭირდებათ.
გოლდენ სტეიტი ფავორიტია იმიტომაც, რომ საშინაო მოედნის უპირატესობა აქვს და კერის გუნდს ამ პლეი ოფში სახლში ყველა თამაში მოგებული აქვს. თანაც, კალიფორნიელებს უფრო იოლი გზა ჰქონდათ ფინალამდე, ნაკლები თამაში ჩაატარეს და მეტი დაისვენეს.
ბოსტონი უშანსოდ მაინც არ იქნება. მილუოკის, მაიამის და ბრუკლინის მომგები გუნდი უშანსოდ არ შეიძლება იყოს. ზემოთ, დეტროიტის ‘ცუდი ბიჭები’ ვახსენეთ და იმ გუნდმა ყველასთვის მოულოდნელად შაკის და კობის ლეიკერსს მოუგო, დაცვით და კოლექტივიზმით.
ისტორიული ფინალი იწყება - ან გოლდენ სტეიტი დაწერს თავისი დინასტიის ახალ თავს, ანაც სელტიკსი დაიწყებს ახალ ეპოქას NBA-ში.
კომენტარები