- საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ექვსი ერის საზაფხულო სერიებში ჩაერთვება
- ჯგუფში უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები შოტლანდია, უელსი და იტალია იქნებიან
ექვსმა ერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 20-წლამდელთა ზაფხულის სერიაში, რომელიც წლეულს 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იტალიაში (ვერონა და ტრევიზო) ჩატარდება, საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს.
კოვიდ-პანდემიის გამო, უკვე სამი წელიწადია (2019 წლის შემდეგ) მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ვერ ტარდება. მისი აღდგენა 2023 წლიდან იგეგმება, მანამდე კი, მსოფლიო რაგბის მხარდაჭერით, ევროპაში ალტერნატიული რეგიონალური ტურნირი იმართება, რომელშიც 6 ერის წევრების (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) გარდა, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული 8 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული: A ჯგუფში ინგლისის, სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის და ირლანდიის ნაკრებები მოხვდნენ, B-ში კი – შოტლანდია, უელსი, საქართველო და მასპინძელი იტალია. სამი ტურის შემდეგ, გუნდები მეოთხე სათამაშო დღეს დაკავებული ადგილების მიხედვით პლეი ოფის შეხვედრებს გამართავენ და საბოლოო ადგილებს გაითამაშებენ.
“უმცროსი ბორჯღალოსნები” ჯგუფური ეტაპის მატჩებს ტრევიზოში გამართავენ. 25 ივნისს მათი მეტოქე იტალია იქნება, 30-ში უელსს შევხდებით, 6 ივლისს კი – შოტლანდიას. საპლეიოფო მატჩები 12 ივლისსაა დანიშნული. ყველა, 16-ივე თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი Six Nations Rugby U20-ის YouTube-ს არხზე შედგება ფრანგულ, იტალიურ და ქართულ ენებზე.
“ექვსი ერი ზრუნავს რაგბის კავშირების, მოთამაშეების და მწვრთნელების განვითარებაზე და 20-წლამდელთა ზაფხულის სერიები ამისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს მონაწილეობა ექვსი ერის გუნდებს საკუთარი თავის სხვა გუნდებთან გამოცდის შესაძლებლობას აძლევს“, - განაცხადა ექვსი ერის დირექტორმა ჯული პატერსონმა.
კომენტარი გააკეთა საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემაც:
“პანდემიიდან გამომდინარე, ყველა გუნდს დიდი ჩავარდნა ქონდა, თუმცა ჩვენგან განსხვავებით ექვსი ერის ქვეყნები მაინც ახერხებდნენ ერთმანეთში თამაშს. ჩვენც ვითამაშეთ სამხრეთ აფრიკის ტურნირზე, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დონესთან ის ახლოსაც ვერ მივა. სასიხარულოა, რომ ექვსი ერსა და სამხრეთ აფრიკასთან ერთად, ამ ტურნირში ჩართვის საშუალება მოგვეცა, რადგან 2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ურთულესი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი – ელიტაში ადგილის შენარჩუნება და პროგრესი.
ამხელა ჩავარდნის შემდეგ მიზნის მიღწევა რთული იქნება და ეს ტურნირი განვითარებაში, მომავალი წლისთვის მომზადებაში დაგვეხმარება. ასევე ფაქტია, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე რეგულარული თამაშით, ეროვნულ გუნდმა შევსების სახით დიდი ძალა მიიღო.
ჩვენთვის პატივია, რომ ექვსმა ერმა მერვე გუნდად საქართველო მიიწვია და არა ვინმე სხვა.
“შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, მეორედ ვართ ექვსი ერის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, ახლა უკვე ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე. ეს კარგი ტენდენციაა, რადგან ექვსი ერი თავისი წევრების შემდეგ ევროპაში საუკეთესო გუნდად საქართველოს მოიაზრებს. სასიამოვნოა, ასე რომ გვიყურებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ, განვვითარდეთ და ელიტურ ქვეყნებს გავუტოლდეთ“.
ექვსი ერის საზაფხულო სერიები 2022
A ჯგუფი: საფრანგეთი, ირლანდია, ინგლისი, სამხრეთ აფრიკა
24 ივნისი
ინგლისი – სამხრეთ აფრიკა
საფრანგეთი – ირლანდია
29 ივნისი
საფრანგეთი – ინგლისი
ირლანდია – სამხრეთ აფრიკა
5 ივლისი
საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა
ირლანდია – ინგლისი
B ჯგუფი: შოტლანდია, უელსი, იტალია, საქართველო
25 ივნისი
შოტლანდია – უელსი
იტალია – საქართველო
30 ივნისი
შოტლანდია – იტალია
უელსი – საქართველო
6 ივლისი
შოტლანდია – საქართველო
უელსი – იტალია
კომენტარები