Thumbnail

ბანანების სროლის გამო, გუნდი დატოვა - რასისტული სკანდალი ბულგარეთში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალან პარდიუმ სოფიის ცსკა-სთან თანამშრომლობა გაწყვიტა
  • მიზეზი ის შეუარცხყოფაა, რომელიც ქომაგებმა კლუბის ფეხბურთელებს მიაყენეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ინგლისელმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ სოფიის ცსკა-ს თავკაცის პოსტი დატოვა, რისი მიზეზიც კლუბის ქომაგების უხამსი ქმედება გახდა. პარდიუმ ის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა, რაც გულშემატკივრებმა თავიანთივე გუნდის შავკანიან ფეხბურთელებს მიაყენეს.

როგორც Sky Sports წერს, ინციდენტს ადგილი ბულგარეთის ჩემპიონატის მატჩისას ჰქონდა, რომელშიც ცსკა-ს მეტოქე პლოვდივის ბოტევი იყო. მანამდე, სოფიელებმა ქვეყნის თასის ფინალი წააგეს თანაქალაქელ ლევსკისთან, ამის გამო გაცხარებული გულშემატკივრები კი, მორიგი შეხვედრის წინ, შავკანიან მოთამაშეებს სტადიონის გამოსასვლელთან დახვდნენ და ბანანების სროლა დაუწყეს. ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე ხდებოდა. ფეხბურთელების ნაწილი ამის გამო მინდორზე გამოსვლას აღარ აპირებდა, თუმცა, მათი გადარწმუნება მოხერხდა.

ამ შემთხვევიდან მალევე ალან პერდიუ კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და განუცხადა, რომ კლუბს თანაშემწე ალექს დაიერთან ერთად ტოვებდა. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ცსკა-ს ისტორიაში პირველი შავკანიანი მწვრთნელი იყო.

“თამაში ჩაშლის პირას იყო, თუმცა, ჩვენმა ფეხბურთელებმა ჭეშმარიტ ქომაგებს პატივი სცეს და მატჩზე გამოვიდნენ. რასისტული დაჯგუფების წევრები, რომლებიც საზიზღრად იქცეოდნენ, ის ადამიანები არ არიან, რომელთა თვალწინ გუნდის ხელმძღვანელობის სურვილი მაქვს. ეს ამბავი თავად ცსკა-საც არ წაადგება, რადგანაც ეს გუნდი მეტს იმსახურებს”, - განაცხადა პარდიუმ.

ბულგარულმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინგლისელი მწვრთნელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. ცნობისთვის, ალან პარდიუ უკვე 60 წლისაა, ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კი რედინგში, ვესტ ჰემში, ჩარლტონში, საუთჰემპტონში, ნიუკასლში, კრისტალ პალასში, ვესტ ბრომვიჩსა და ნიდერლანდურ დენ ჰააგში უმუშავია.

ის ცსკა-ს ტექნიკურ დირექტორად 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა, სოფიელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი კი წლეულს აპრილში გახდა, როდესაც სტოიჩო მლადენოვი გაათავისუფლეს.

კომენტარები

ბოლო ამბები