Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 108:120 ბოსტონ სელტიკსი
  • უორიორსი იგებდა, მაგრამ სელტიკსმა საოცარი ბოლო მეოთხედი ჩაატარა
  • სუპერფინალური სერია რამდენიმე რეკორდით დაიწყო
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

NBA-ს სუპერფინალური სერია ძალიან დამაინტრიგებლად დაიწყო!

ბოსტონ სელტიკსმა გოლდენ სტეიტს პირველი თამაში “მოჰპარა” - სტუმრად120:108 დაამარცხა. სტეფ კარი და კომპანია მეოთხე პერიოდის დასაწყისისთვის 12 ქულით იგებდნენ, მაგრამ მერე უორიორსი ჩაიძირა.

მატჩის ბოლო ფაზაში ველური თამაში წავიდა და ბოსტონი დომინირებდა. თავად განსაჯეთ: ბოლო მეოთხედი სელტიკსმა 40:16 მოიგო! ეს ყველაფერი ჯეილენ ბრაუნის (24 ქულა, 10/23), ალ ჰორფორდის (26 ქულა, 6/8), დერიკ უაითის (21 ქულა, 5/8 სამქულიანი) და მარკუს სმარტის (18 ქულა, 4/7) დამსახურებაა. რაც შეეხება ჯეისონ ტეიტუმს, მას მხოლოდ 12 ქულა ჰქონდა (3/17), მაგრამ სამაგიეროდ, 13 ასისტი შეასრულა.

გოლდენ სტეიტის მთავარმა ვარსკვლავმა სტეფ კარიმ პირველ პერიოდში 21 ქულის ჩაგდება შეძლო და თავიდან მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თამაში კი 34 ქულით (12/25) დაასრულა. ენდრიუ უიგინსმა 20 ქულა დააგროვა, კლეი ტომპსონმა - 15, ხოლო ოტო პორტერმა კი - 12.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა საბრძოლო შემადგენლობით ითამაშა. ბოსტონელებს სმარტი და რობერტ უილიამსი დროულად გამოუჯანმრთელდათ, მასპინძლებს კი პეიტინი, იგუდალა და პორტერი დაუბრუნდათ.

მთავარი ფაქტები

🏀 სტეფ კარიმ პირველ მეოთხედში 8 მცდელობიდან 6 სამქულიანი ჩააგდო, რაც, რა თქმა უნდა, ფინალების რეკორდია.

🏀 გარდა ამისა, კარის 21 ქულა პირველ მეოთხედში ფინალების ერთი პერიოდისთვის საუკეთესო შედეგია მაიკლ ჯორდანის შემდეგ (1993). სხვათა შორის, სუპერფინალური სერიის მატჩის ერთი მეოთხედის რეკორდი აიზეა ტომასს ეკუთვნის (25).

🏀 ფინალების რეკორდია ისიც, რომ პირველ ტაიმში გუნდებმა ჯამში 20 სამქულიანი ჩააგდეს. ამ მხრივ ვითარება არც მატჩის მეორე ნახევარში გაუარესებულა - ჯამში გუნდებს 40 ზუსტი სამქულიანი ჰქონდათ, რაც ასევე რეკორდია. ისიც ვთქვათ, რომ ბოსტონს სამიანებში მცირე უპირატესობა ჰქონდა: 21/41 VS 19/45.

🏀 გოლდენ სტეიტს პირველ მეოთხედში მხოლოდ 1 დაკარგვა ჰქონდა, მეორეში კი - უკვე 7. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი პერიოდის შემდეგ ბოსტონმა მეტოქე დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქცია და შედეგიც მიიღო. საბოლოოდ, გოლდენ სტეიტის კალათბურთელებს 14 დაკარგვა ჰქონდათ, ბოსტონელებს კი - 12.

🏀 …და კიდევ ერთი რეკორდი: ბოლო მეოთხედი ბოსტონმა 24-ქულიანი სხვაობით მოიგო (40:16). ეს ყველაზე დიდი სხვაობაა ფინალური სერიების მატჩების ბოლო მეოთხედების ისტორიაში.

“ეს გამარჯვება ძალიან კარგია ჩვენი თავდაჯერებისთვის. ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც ეს გოლდენ სტეიტთანაა საჭირო. მოქნილი გუნდი ვიყავით, ისე, როგორც სეზონის უმეტეს მატჩებში,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ბოსტონის მთავარმა მწვრთნელმა იმე უდოკამ.

“რეალურად, 41 წუთი მაინც ვდომინირებდით. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ.” - ეს დრეიმონდ გრინის სიტყვებია.

NBA-ს სუპერფინალური სერიის მეორე მატჩი 6 ივნისს გაიმართება და მასპინძელი ისევ გოლდენ სტეიტი იქნება. თუ ის თამაშიც ბოსტონმა მოიგო, ეს უდიდესი ნაბიჯი იქნება ჩემპიონობისკენ.

კომენტარები

ბოლო ამბები