Thumbnail

ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 5 ივნისს, სტუმრად ბულგარეთს  დაუპირისპირდება. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრეს. 

გეორგი კოსტადინოვი (ტულის არსენალი): "საქართველოს ნაკრები იმისგან სრულად განსხვავებული გუნდია, რაც ჩვენთან ამხანაგურ მატჩში გამოჩნდა. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, განსაკუთრებით შეტევის ფლანგებსა და ზოგადად თავდასხმაში. თუ მათ სივრცეებს მივცემთ, ძალიან დიდი უსიამოვნებები გველოდება."

კირილ დესპოდოვი (რაზგრადის ლუდოგორეცი): "ჩრდილომაკედონიელებთან შეხვედრა კარგად დავიწყეთ, თუმცა ასე ვერ გავაგრძელეთ. მალე საქართველოს ნაკრებთან გვიწევს თამაში და ამ მატჩში ყველაფრის ფასად 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი ადგილისთვის ბრძოლა წარმოუდგენელი იქნება."

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი ქართველი მოთამაშეების თანაგუნდელი იყო. კოსტადინოვი ტულის არსენალში ზურიკო დავითაშვილთან ერთად თამაშობდა, ხოლო კირილ დესპოდოვმა გრაცის შტურმში 1 წელი ოთარ კიტეიშვილთან ერთად გაატარა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს უკანასკნელად 2021 წლის 8 სექტემბერს დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ბულგარელებთან გასვლაზე 4-ჯერ ითამაშა და ყველა მატჩი წააგო. მომავალი მატჩი კი 5 ივნისს, 22:45 საათზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები