Thumbnail

ქართული ფინალი თემურ ნოზაძემ მოიგო და თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

თბილისის გრანდ სლემზე ქართული ფინალი გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა - ოქრო და ვერცხლი. 60 კგ-მდე წონით კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი თემურ ნოზაძე და 19 წლის გიორგი სარდალაშვილი დაუპირისპირდნენ. 

ქართველი ძიუდოისტების ძალიან საინტერესო, დინამიური შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, დამატებულ 3:53 წუთზე კი, როდესაც მეტოქეებს 2-2 შიდო ჰქონდათ, ვაზარზე გდება ნოზაძემ შეასრულა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.


ფინალამდე ნოზაძემ იტალიელ მარიო პეტროსინოს, იაპონელ გენკი კოგას და აზერბაიჯანელ როვშან ალიევს სძლია, გიორგი სარდალაშვილმა კი გზიდან ფრანგი რიჩარდ ვერგნესი, აზერბაიჯანელი თურან ბაიერამოვი და ლუხუმ ჩხვიმიანი ჩამოიშორა. 


ფინალამდე გამართულ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ლუხუმ ჩხვიმიანი იაპონელ გენკი კოგას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, მსოფლიოს და ევროპის 29 წლის ქართველმა ჩემპიონმა პერსპექტიულ იაპონელთან შეხვედრა იპონით დათმო და უმედლოდ დარჩა. 


თბილისის 2022 წლის გრანდ სლემი 3-5 ივნისს იმართება. ტურნირის პირველ დღეს ოლიმპიური სასახლის ტატამიზე 14 ქართველი ძიუდოისტი (8 კაცი, 6 ქალი) გავიდა, რომლებმაც ჯამში 5 მედალი დაისაკუთრეს. -60 კგ-ში ოქრო თემურ ნოზაძემ მიოგო, ვერცხლი - გიორგი სარდალაშვილმა. -66 კგ-ში ვერცხლი გიორგი თუთაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაო - ვაჟა მარვველაშვილმა, ქალთა -57 კგ-ში კი ბრინჯაოს პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები