- ქართველმა ალპინისტებმა 8 486-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრეს
- მაკალუს თავზე საქართველოს დროშასთან ერთად უკრაინის დროშაც გაშალეს
ქართველმა ალპინისტებმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა, 7 კაცისგან შემდგარ ინტერნაციონალურ გუნდთან ერთად, სიმაღლით მსოფლიოში მე-5 მწვერვალი, მაკალუ დამხმარე ჟანგბადის გარეშე დალაშქრეს. ჰიმალაის მთის მასივის მწვერვალის სიმაღლე 8 486 მეტრია.
ექსპედიციის ორგანიზატორი არჩილ ბადრიაშვილი იყო. გიორგისა და ბაქარისგან განსხვავებით, იგი მწვერვალის ბოლომდე ვერ ავიდა, თუმცა მარტომ 8 000 მეტრამდე იარა და უკან დაბრუნება მოყინვის საშიშროების გამო მოუხდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მთლიან პროცესში, ჩემი ვერ-ასვლა და 8000 მეტრზე მობრუნება პირად დანაკლისად მიმაჩნია, საერთო საქმეს რაც შეეხება, როგორც გიორგის და ბაქარის მეგობარს და ექსპედიციის ორგანიზატორს, მეამაყება, რომ ექსპედიცია წარმატებით და მშვიდობით წარიმართა, სტრატეგიული შეცდომების და ტრავმების გარეშე, წინა თაობების ნანატრი კი ასრულდა, ქართველები მაკალუზე ავედით, თანაც ასე ყოჩაღად!", - წერს არჩილი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველმა ალპინისტებმა მწვერვალ მაკალუზე საქართველოს დროშასთან ერთად უკრაინის დროშაც ააფრიალეს.
კომენტარები