Thumbnail
  • გიორგი ჩხეიძეს ოქროს მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა
  • დღესვე ფიცარნაგზე ანასტასია გოტფრიდი გამოვა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 მედალი მოიპოვა. ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული გიორგი ჩხეიძეს ერგო, რომელიც ქვეყნის ღირსებას 109 კგ-მდე წონით კატეგორიაში იცავდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ოქროს მედალთანაც ძალიან ახლოს იყო და აკვრაში ბოლო ცდა რომ გამოეყენებინა (მიზნამდე ცოტა დააკლდა), ევროპის ჩემპიონიც ხდებოდა, ასე კი, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბულგარელი მეტოქე ავიდა.

გიორგი ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდა (167, 171 და 174 კგ.) გამოიყენა. აკვრაში კი, 205 და 210 კგ-ის შემდეგ, 218 კგ-იან შტანგასთან მივიდა და მცირედით არ გაუმართლა. ჯამში ქართველი ძალოსნის მონაგარი 384 კგ. იყო და ის მხოლოდ ჰრისტო ჰრისტოვს (391 კგ.) ჩამორჩა, ბრინჯაოს მედალი კი სომეხმა არსენ მარტიროსიანმა (371 კგ.) მოიპოვა.

გიორგი ჩხეიძე

ატაცი: 167 კგ ✅, 171 კგ ✅, 174 კგ ✅
აკვრა: 205 კგ ✅, 210 კგ ✅, 218 კგ ❌

დღესვე ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) ავიდა, თუმცა, მან მედლის მოპოვება ვერ მოახერხა. ირაკლი ატაცში 171 კგ-ით მე-6 იყო, აკვრაში 202 კგ-ით მე-5 გახლდათ, ხოლო ჯამური 373 კგ-ით მე-4 საფეხურზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდლამდე საქართველოს ნაკრების წევრებს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი ჰქონდათ მოპოვებული. ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს შოთა მიშველიძემა (67 კგ.) და კახი ასანიძემ (74 კგ.), რეზი დავითაძეს (89 კგ.) კი ბრინჯაო ერგო.

დღესვე ევროპის პირველობაზე გამოვა ანასტასია გოტფრიდი (98 კგ.), ხვალ კი, საქმეში პლანეტის უძლიერეს ძალოსან ლაშა ტალახაძეს (+109 კგ.) ვიხილავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები