Thumbnail

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა მე-4 ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ონისე სანებლიძის აქტივშია.

100 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა - გიორგი ბერიაშვილი V ონისე სანებლიძე. ბერიაშვილმა ფინალამდე სამხრეთკორეელი ჯაე იუნ კიმი, ბრაზილიელი ანდრე უმბერტო და თანამემამულე ილია სულამანიძე დაამარცხა. თავის მხრივ, სანებლიძემ ფინალამდე მისვლა ყაზახ სერიკ სალმენოვთან, გერმანელ დანიელ ჰერბსტთან და უზბეკ ოტაბეკ ტურაბოევთან გამარჯვებით მოახერხა.

ფინალური შეხვედრა დაძაბული არ გამოვიდა, რადგან სანებლიძემ 20 წამში, ულამაზესი გდებით, ბერიაშვილი იპონით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა ილია სულამანიძე, რომლის მეტოქე დანიელ ჰებრსტი გახლდათ. ილიამ როგორც ვთქვით, ნახევარფინალში ბერიაშვილთან წააგო, თუმცა იქამდე გერმანელი ლუის მაი და ყაზახი აიბეკ სერიკბაიევი დაამარცხა. ქართველ ძიუდოისტს გერმანელმა იპონით აჯობა და ილიამ ასპარეზობა მედის გარეშე დაასრულა. ამავე წონაში უმედლოდ დარჩა ომარ საური, ვინც ტაჯიკი აკობირ აბუბაკრი დაამარცხა, უნგრელ სომბორ ვეგთან კი თავად დამარცხდა.


თბილისის გრანდ სლემი დასრულდა და საქართველოს ნაკრებისთვის შეჯიბრი ძალიან შედეგიანი გამოდგა. ნაკრებმა 39 წარმომადგენლით იასპარეზა, 14-მა მათგანმა კი მედალი მოიპოვა - 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ამ შედეგით, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ვაჟებში 7 წონით კატეგორიიდან 5-ში ოქროს მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს, ხოლო თითო ოქრო მოლდოვასა და სამხრეთ კორეას ერგოთ (66 და 81 კგ-ში).

კომენტარები

ბოლო ამბები