Thumbnail

მე-14 ტიტული პარიზში და 22-ე დიდი სლემი! ნადალის ზღაპარი გრძელდება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • რაფაელ ნადალი 6:3, 6:3, 6:0 კასპერ რუუდი
  • ესპანელმა 22-ე დიდი სლემი მოიგო, როლან გაროსზე კი ეს მისი მე-14 ტრიუმფია
  • რაფამ ფინალში ნორვეგიელ კასპერ რუუდს შანსი არ დაუტოვა

თიხნარის მეფე უბრალოდ შეუჩერებელია! რაფაელ ნადალმა როლან გაროსის ფინალში კასპერ რუუდი 3 სეტში, 6:3, 6:3, 6:0 გაანადგურა და საფრანგეთის ღია პირველობა მეთოთხმეტედ მოიგო, რაც აღნიშნული ტურნირის რეკორდია. პარიზის კორტებზე წარმატების ყველაზე მეტჯერ მიღწევის გარდა, რაფამ 22-ე დიდი სლემის ტურნირზე გაიმარჯვა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. 

36 წლის ესპანელმა მთელ ტურნირზე მხოლოდ 3 სეტი (2 ოჟე-ალიასიმთან, 1 ჯოკოვიჩთან) დათმო, ფინალში კი თავისივე აკადემიის აღზრდილი, 23 წლის ნორვეგიელი არ დაინდო. აღსანიშნავია, რომ ნადალმა ერთსა და იმავე სეზონში ავსტრალიის ღია პირველობისა და როლან გაროსის მოგება პირველად მოახერხა, 2022 წელს მოპოვებული ტიტულების რაოდენობით (4) კი ახალგაზრდა თანამემამულე კარლოს ალკარასს გაუთანაბრდა. განსაკუთრებული მაჩვენებელია ისიც, რომ რაფას როლან გაროსის ფინალი არასდროს წაუგია. 

ასევე, ATP რეიტინგის შედგების შემდეგ (1973 წ.), ნადალი ისტორიაში მესამე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც დიდი სლემის ტიტულის გზაზე ტოპ 10-ის 4 ჩოგბურთელი დაამარცხა. აქამდე მსგავსი მიღწევა მატს ვილანდერსა (1982 წ. როლან გაროსი) და როჯერ ფედერერს (2017 წ. ავსტრალიის ღია პირველობა) ჰქონდათ. რაფა ATP-ის მიმდინარე რეიტინგში ორშაბათიდან 1 ადგილით დაწინაურდება და მსოფლიოს მე-4 ჩოგანი გახდება. 

"პირველ რიგში მინდა, კასპერს მივულოცო: შენ უკვე დიდი კარიერა გაქვს! ასევე მინდა, რომ ჩემს გუნდს მადლობა გადავუხადო. საოცარი წელი გვაქვს. ჩემთვის ახლა თითქმის შეუძლებელია იმაზე საუბარი, რასაც ვგრძნობ. 36 წლის ასაკში კიდევ ერთხელ მოვიგე ტურნირი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ეს დაუჯერებელია! არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ვიცი ის, რომ ბრძოლას გავაგრძელებ!" - განაცხადა ნადალმა ფინალის შემდეგ.

"დღეს გამოვცადე, რას ნიშნავს ნადალის წინააღმდეგ ფინალში თამაში. მე არ ვარ მისი პირველი მსხვერპლი. ყველას იმედი გვაქვს, რომ ნადალი თამაშს გააგრძელებს," - ეს რუუდის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები