Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე შეხვედრაში ბულგარეთს სტუმრად 5:2 მოუგო. სპორტულმა პორტალმა Sofascore-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა და მას 8,5 ქულა დაუწერა. 

კვარამ მოგებულ თამაშში 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა (ხრისტოვის ავტოგოლი აზაროვს რომ ჩათვლოდა, მეორე ასისტიც ექნებოდა), პენალტი მოიპოვა და მეტოქის კარისკენ 4-ჯერ დაარტყა. ხვიჩას შემდეგ საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შეფასება ბუდუ ზივზივაძეს ჰქონდა - 7,2. ეროვნული გუნდის ცენტრფორვარდმა 1 გოლი გაიტანა, ჯამში კი 4-ჯერ დაარტყა. მესამე შედეგი კი პორტალის მიხედვით ზურიკო დავითაშვილს ჰქონდა - 7,1. დინამო ბათუმის შემტევმა ნახევარმცველმა ლამაზი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა და მოედანზე ყოფნის პერიოდში ძალიან აქტიური იყო. 

სხვა ფეხბურთელების შეფასებები: გიორგი ლორია - 6,4; საბა კვერკველია - 6,8; გურამ კაშია - 6,6; დავით ხოჭოლავა - 6,9; ოთარ კაკაბაძე - 6,3; ირაკლი აზაროვი - 6,7; ვაკო ყაზაიშვილი - 7,0; გიორგი მიქაუტაძე - 7,0, ვაკო გვილია - 6,4; ვლადიმერ მამუჩაშვილი - 6,7; ოთარ კიტეიშვილი - 6,7. საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა საშუალო შეფასება 6,87 გახლდათ, ბულგარელებისა კი - 6,51. 

საქართველოს ნაკრები 2 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 6 ქულით ჯგუფის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს, რომელმაც დღეს გასვლაზე გიბრალტარს 2:0 აჯობა. ჩრდილოეთ მაკედონიას ორ ტურში 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 1, ხოლო გიბრალტარი უქულოდ ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 1 ფრე).

კომენტარები

ბოლო ამბები