Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ეროვნულ გუნდს სტუმრად 5:2 მოუგო, რასაც ადგილობრივი მედიისგან საკუთარი ნაკრების სასტიკი კრიტიკა მოჰყვა. 

Dsport-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "ახალი "გმირობა" - საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი რაზგრადში შეარცხვინა!" ტექსტში აღნიშნულია, რომ მატჩის ბოლო წუთებში მოედანზე ისმოდა სკანდირება 'გადადექი!'. მატჩის შემდეგ ბულგარელთა მთავარი მწვრთნელი იასენ პეტროვი მართლაც გადადგა

გაცილებით უფრო ხისტი და ირონიული იყო Sportal.bg, რომელმაც შეხვედრას ვრცელი ტექსტი მიუძღვნა, სათაურით: "სირცხვილი და დამცირება! ბულგარეთმა საქართველოს ნაკრებისაგან 5 გოლი მიიღო!" ავტორი წერს, რომ ბულგარეთის ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის და საქართველომ ნაკრებმა მისი შერცხვენა მოახერხა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვილი სანიოლის გუნდს გაცილებით დიდი ანგარიშით მოგება შეეძლო. სტატიის ბოლოს კი ირონიულად არის აღნიშნული, რომ ნიკა კვეკვესკირმა შემწყნარებლობა გამოიჩინა, როცა პენალტიდან ბურთი "ძელს დაუმიზნა" და ბულგარელთა შერცხვენის პროცესში მეტოქეს კიდევ ერთი ლურსმანი არ ჩააჭედა.

Topsport სხვა გამოცემებს საკუთარი ნაკრების კრიტიკაში არ ჩამორჩა და სტატიის დასაწყისშივე წერს, რომ ბულგარეთისთვის ფსკერი დაუსრულებელი რეალობაა და ერთა ლიგის მიმართ არსებული არც ისე საფუძვლიანი იმედებიც მეორე ტურში დაემსხვრათ, როცა საქართველოს არაფრით გამორჩეულმა ნაკრებმა მათი გუნდი უშანსოდ დაამარცხა. ასევე, აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში ნანახი არაერთი სირცხვილის შემდეგ, ეს მატჩიც ფანების ტკივილად იქცა და მათ მწუხარებას საზღვარი არ აქვს. 

საქართველოს ნაკრები 2 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 6 ქულით ჯგუფის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს, რომელმაც დღეს გასვლაზე გიბრალტარს 2:0 აჯობა. ჩრდილოეთ მაკედონიას ორ ტურში 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 1, ხოლო გიბრალტარი უქულოდ ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 1 ფრე).

კომენტარები

ბოლო ამბები