Thumbnail

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ერთა ლიგის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდთან განცდილი მარცხი (2:5) შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იასენ პეტროვი თანამდებობიდან გადადგა. 

ილია სტეფანოვი: "ყველასთვის, ვისაც ბულგარეთში ფეხბურთი უყვარს, ძალიან არასასიამოვნო საღამო იყო. ჩვენ გუნდი ვართ, კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. როცა ერთი უშვებს შეცდომას, მეორე ეხმარება. ერთი მიმართულებით უნდა გავიხედოთ. ფეხბურთში საუკეთესო რამ, მომდევნო შეხვედრაა. ყველამ უნდა დაამტკიცოს, რა შეუძლია."

ატანას ილიევი: "არ შემიძლია იმის ახსნა, რაც მოხდა. ჩვენი განწყობა და რეალობა სრულიად განსხვავებული იყო. ბევრი შეცდომა ასეთ შედეგად დაგვიჯდა. თვითრწმენა და თავდაჯერება არ გვეყო. არადა ვამბობდით, რომ გავიდოდით მოედანზე და ყველაფერს გავაკეთებდით. სინამდვილეში არაფერი გამოგვივიდა. ნორმალურად მხოლოდ მატჩის გარკვეული ნაწილი ჩავატარეთ. ყველაფერს ვიღონებთ, რომ იგივე აღარ განმეორდეს. ჩვენ ამ ტურნირზე არსებული რეალური შანსი დავკარგეთ."

ნიკოლაი მიხაილოვი (კაპიტანი): "დღეს არაფერი გამოგვივიდა. ვიცოდით, რომ მაკედონიასთან ჩვენს შესაძლებლობებზე დაბალი თამაში ვაჩვენეთ, ამაზე საპასუხო რეაქცია უნდა გვქონოდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ. არც გაგვიმართლა, ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს შედეგი მატჩის რეალურ სურათს ასახავს, 2 პენალტი იყო, რამდენიმე სადავო ეპიზოდი. თუმცა, ის კი ნათელია, რომ საკუთარი კარის დაცვა არ შეგვიძლია, ამდენი გოლი ლევსკის შემადგენლობაში ნახევარი სეზონის მანძილზე არ გამიშვია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მომხდარი ფაქტი ნაკრებისთვის დიდი სირცხვილია.

მთავარი პრობლემა მწვრთნელში კი არა, ჩვენშია. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ, გავაანალიზოთ სად ვართ. სამუშაოდ შესანიშნავი პირობები გვაქვს, თუმცა პროგრესის ნაცვლად რეგრესს განვიცდით. კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა არის ჩვენი პრობლემა. ჩემს კარიერაში ბევრი არარეალური ანგარიში ყოფილა. შედეგი საშინელია, მაგრამ ჩვენი თამაში კიდევ უარესი იყო. შეიძლება ყოველთვის წააგო, მაგრამ ასე არა. თითქოს, ტირში ვიყავით."

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 6 ქულით ჯგუფი ლიდერია. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს, სტუმრად სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები