Thumbnail

გასული შაბათ-კვირა ძალიან დატვირთული და ქართული სპორტისთვის წარმატებული გამოვიდა. საქართველოს ნაკრების თამაში ალბათ ყველამ ნახეთ - მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს კი ამ სტატიაში გაგაცნობთ. გარდა ამისა: თბილისის გრანდ სლემი ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა, ლაშა ტალახაძე ისევ მარტივად გახდა ევროპის ჩემპიონი, რაფაელ ნადალმა კი კარიერაში 22-ე დიდი სლემი მოიგო, უშუალოდ როლან გაროსზე კი ეს მისი მე-14 ტრიუმფია.

1. ფეხბურთი | სანიოლი: მე ამ ფეხბურთით ძალიან ვამაყობ

ერთა ლიგის ახალ სეზონში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო (5:2 ბულგარეთში) და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ძალიან კმაყოფილი იყო. ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება. "შემტევი ფეხბურთი მხოლოდ სისწრაფე და ტექნიკა არ არის, ეს მენტალიტეტიცაა" - თვა მან.

📋 სანიოლის კომენტარები წაიკითხეთ აქ.

2. ფეხბურთი | ფეხბურთელების კომენტარები ბულგარეთიდან

რაზგრადში მოგებული მატჩის შემდეგ ფეხბურთელებიც ბედნიერები იყვნენ. თამაშის შემდეგ კომენტარებში ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეროვნულ გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, სამწვრთნელო შტაბმა კი იდეალურ ტაქტიკას მიაგნო. მომდევნო მატჩი ნაკრებს სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან აქვს. "მაკედონიაშიც რევანშისთვის ჩავდივართ. მაგათთან ძალიან დიდი რაღაც გვაქვს დარჩენილი, რაც უნდა დავიბრუნოთ" - ეს ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვებია.

📋 ფეხბურთელების კომენტარები წაიკითხეთ აქ.

3. ძიუდო | 14 მედალი თბილისის გრანდ სლემზე

გასულ უიკენდზე თბილისი ძიუდოში პრესტიჟულ გრანდ სლემს მასპინძლობდა, რომელიც ქართველი ძიუდოისტებისთვის ისტორიული გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა 39 წარმომადგენლით იასპარეზა, 14-მა მათგანმა კი მედალი მოიპოვა - 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ვაჟებში 7 წონით კატეგორიიდან 5-ში ოქროს მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა დაისაკუთრეს.

📋 ვრცლად თბილისის გრანდ სლემზე და ქართველების ყველა გადამწყვეტი ბრძოლა. 

4. ძალოსნობა | ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეექვსედ მოიგო

28 წლის ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა. პლანეტის უძლიერესი ძალოსნის მორიგი ტრიუმფი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში შედგა. როგორც მოსალოდნელი იყო, ტალახაძემ პირველი შედეგი დააფიქსირა როგორც ატაცში, ასევე აკვრასა და საერთო ჯამში, რისი წყალობითაც 3 ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

📋 ვრცლად ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატზე და ტალახაძის გამოსვლები.

5. ჩოგბურთი | ნადალის 22-ე დიდი სლემი

თიხნარის მეფე უბრალოდ შეუჩერებელია! რაფაელ ნადალმა როლან გაროსის ფინალში კასპერ რუუდი 3 სეტში, 6:3, 6:3, 6:0 გაანადგურა და საფრანგეთის ღია პირველობა მეთოთხმეტედ მოიგო, რაც აღნიშნული ტურნირის რეკორდია. პარიზის კორტებზე წარმატების ყველაზე მეტჯერ მიღწევის გარდა, რაფამ 22-ე დიდი სლემის ტურნირზე გაიმარჯვა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

📋 ვრცლად როლან გაროსის ფინალზე წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები