Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 107:88 ბოსტონ სელტიკსი
  • უორიორსის დაცვამ ბოსტონს არაფერი ჩააგდებინა, სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1-1
  • გადამწყვეტი მესამე მეოთხედში გოლდენ სტეიტის ტრადიციული აფეთქება აღმოჩნდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ბოსტონთან პირველ შეხვედრაში მარცხის შემდეგ, გოლდენ სტეიტს მეორე საშინაო თამაშში აუცილებელი გამარჯვება სჭირდებოდა. მთელი პირველი ნახევარი ძალიან თანაბარი თამაში იყო - ქულა-ქულაში მიდიოდა და შესვენებაზე უორიორსი ორქულიანი უპირატესობით გავიდა.

მთავარი ამბები მესამე მეოთხედში დაიწყო. სტივ კერის გუნდმა ის გააკეთა, რითაც წლებია NBA-ში განთქმულია - მესამე მეოთხედი მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩაატარა და გამანადგურებლად გაიმარჯვა. მეოთხედი უორიორსმა 35:14 მოიგო, თანაც ისე, რომ მეტოქეს მხოლოდ 4 სროლა ჩააგდებინა და ბოსტონს ამ მეოთხედში ზუსტი სროლების მხოლოდ 23 პროცენტი ჰქონდა. ამის შემდეგ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. საერთო ჯამში გოლდენ სტეიტმა იოლად მოიგო - 107:88. 

29 ქულა ჰქონდა სტეფ კარის, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. მან 21-დან 9 სროლა გამოიყენა, 12-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა +24-ით დაასრულა. შედეგიანი იყო ჯორდან პული, რომელმაც 22 წუთში 17 ქულა გააკეთა. სროლა არ წაუვიდა კლეი ტომპსონს, რომელმაც 19-დან მხოლოდ 4 სროლა ჩააგდო, მათ შორის 8 სამქულიანიდან მხოლოდ 1 გამოიყენა და თამაში 11 ქულით დაასრულა. კლეი ერთადერთი იყო უორიორსის ლიდერებს შორის, რომელმაც თამაში დადებითი ბალანსით ვერ დაამთავრა. პარკეტზე მისი ყოფნის მონაკვეთებში გოლდენ სტეიტი ანგარიშში წინ ვერ გავიდა.

საერთო ჯამში, გოლდენ სტეიტმა წინა თამაშთან შედარებით, შეტევა კი არა, დაცვა გააუმჯობესა. სტივ კერის გუნდმა მეტოქეს მხოლოდ 88 ქულის ჩაგდების საშუალება მისცა. სელტიკსმა თავისი სროლების მხოლოდ 37.5 პროცენტი გამოიყენა - (გოლდენ სტეიტმა - 45.3). ბოსტონიდან ყველაზე შედეგიანი ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც 19-დან 8 ზუსტი სროლა ჩააგდო, მათ შორის 9-დან 6 სამქულიანი. თუმცა, ტეიტუმს კატასტროფული -36 ჰქონდა. 

ჯეისონ ტეიტუმს თანაგუნდელებმა შეტევაში მხარი ვერ აუბეს

შეტევაში ტეიტუმს მხარი ვერავინ აუბა. 17 სროლაში 17 ქულა გააკეთა ჯეილენ ბრაუნმა და 13 სროლაში 12 ქულა - დერეკ უაითმა. ბოსტონიდან 10-ქულიან მაჩვენებელს მხოლოდ ისინი გადასცდნენ. ტეიტუმის წყალობით, ბოსტონმა არ წააგო გოლდენ სტეიტთან "სამქულიანების ბრძოლა". ორივე გუნდს 37-დან 15 ზუსტი სამიანი ჰქონდა, თუმცა ბოსტონი ორქულიანი დისტანციიდან ძალიან ცუდად უტევდა.

სელტიკსმა ბურთი 19-ჯერ დაკარგა, რაც მეტოქეზე 7-ით მეტია. ამ პლეი ოფში ასეთი ტენდენციაა, რომ დაკარგვები ბოსტონის თამაშს დიდწილად განსაზღვრავს. როცა სელტიკსს 15-ზე მეტი დაკარგვა აქვს, აუცილებლად აგებს, როცა დაკარგვები 11-12-ის ფარგლებშია, ყოველთვის იგებს. წინა თამაშში ბოსტონს 12 დაკარგვა ჰქონდა. 

მარცხის მიუხედავად, ბოსტონმა პირველ ორ თამაშში პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ერთი გასვლა მოიგო. სტრატეგიული უპირატესობა სერიაში ახლა უკვე სელტიკსისკენ არის. შემდეგი ორი თამაში ბოსტონში სერიაში ბევრ რამეს გადაწყვეტს.

კომენტარები

ბოლო ამბები