Thumbnail

იუტა ჯაზი დიდი ცვლილებების წინ - ახალი გუნდის შენება იწყება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ქვინ სნაიდერმა იუტა ჯაზი დატოვა
  • იუტამ ახალი მწვრთნელი მალევე უნდა იპოვოს
  • ჯაზს დონოვან მიტჩელის გაშვება არ უნდა
  • რუდი გობერის ტრეიდი რეალისტურია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გუშინ საღამოს დადასტურდა, რომ ქვინ სნაიდერი იუტას მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ის ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევა და მის ხელში იუტამ 8 სეზონში 6-ჯერ მიაღწია პლეი ოფს. მისი ხელმძღვანელობით იუტამ 372 მატჩი მოიგო და ის ორგანიზაციის ისტორიაში ამ შედეგით მხოლოდ ლეგენდარულ ჯერი სლოუნს ჩამოუვარდება.

სტაბილურობის და კარგი შედეგების მიუხედავად, სნაიდერის წასვლა არავის გაუკვირდა. იუტამ წლევანდელი პლეი ოფი ჩააგდო და ზოგადად, სტაბილური რეგულარულის შემდეგ ეს გუნდი ვერაფრით ახერხებდა პლეი ოფში წარმამატებულ თამაშს. თან გუნდს ახალი მენეჯმენტი ჰყავს, ბოსტონიდან გადაბარგებული დენი ეინგის სახით და ბევრი ვარაუდობდა, რომ სოლტ ლეიკ სიტიში დიდი ცვლილებები დაიწყებოდა.

სნაიდერი ახლა ბევრი გუნდის სამიზნე გახდება და დიდი ალბათობით, ის დიდხანს უმუშევარი არ დარჩება. ის მართლაც ძალიან კარგი მწვრთნელია. უფრო მეტი კითხვას იწვევს იუტა და მისი მომავალი. არაოფიციალური წყაროებით, იუტამ მწვრთნელის ძებნა უკვე დაიწყო და პირველად სიაში 7 პოტენციური კანდიდატია. ორ კვირაში დრაფტია, მის შემდეგ კი მალევე თავისუფალი აგენტების დამატების პერიოდი იწყება და ამ დროისთვის ორგანიზაციას სურს, მწვრთნელი ჰყავდეს.

კანდიდატებს შორის არის მხოლოდ ერთი მოქმედი მთავარი მწვრთნელი, პორტლენდიდან წამოსული ტერი სტოტსი. დანარჩენები თანაშემწეები არიან. მათ შორისაა ჯონი ბრაიანტი, ნიქსის დამხმარე მწვრთნელი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული დონოვან მიტჩელის პროგრესი. ბრაიანტი ადრე იუტაში მუშაობდა.

სწორედ მიტჩელს უკავშირდება ბევრი მითქმა-მოთქმა. იუტამ ახალი გუნდის შენება უნდა დაიწყოს. სოლტ ლეიკ სიტიში ვარსკვლავები თავისი ნებით სათამაშოდ არ მიდიან. ანუ იუტას ვარსკვლავური თავისუფალი აგენტების დამატების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ამერიკული პრესის ცნობით, ბევრმა გუნდმა იკითხა მიტჩელის შესაძლო ტრეიდის შესახებ. ჯაზის პოზიცია ნათელია - გუნდის ნებისმიერი წევრი შეიძლება წავიდეს მიტჩელის გარდა. ამ უკანასკნელის გარშემო უნდა აეწყოს ახალი გუნდი. სამაგიეროდ ძალიან რეალურია გუნდის მეორე ვარსკვლავის, რუდი გობერის ტრეიდი. ასევე ბაზარზეა ბოიან ბოგდანოვიჩი.

გობერი-მიტჩელის დუეტის გარშემო საჩემპიონო გუნდის მშენებლობა არ გამოვიდა და გობერის გაცვლის შემთხვევაში იუტამ შეიძლება საჭირო მოთამაშეები მიიღოს. ფრანგ ცენტრს ბაზარზე საკმაოდ დიდი ფასი აქვს. სწორედ ამიტომ ყველაზე რეალისტურად ეს სცენარი გამოიყურება - გობერის გაცვლა მიტჩელის გარშემო საჭირო მოთამაშეების შესაძენად.

კომენტარები

ბოლო ამბები