- მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა და თემურ ქეცბაია ვერ შეთანხმდნენ
- მას ანორთოსისთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს კონტრაქტი
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
კვიპროსული მედიის ბოლო ინფორმაციით, თემურ ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელი აღარ იქნება! კლუბის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე ქართველ სპეციალისტს განუცხადეს, რომ მასთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.
ყველაფრის მიზეზი კლუბის ახალ სპორტულ დირექტორ ნეოფიტოს ლარკუსა (1-ელ ივნისს დანიშნეს) და 54 წლის ქართველ მწვრთნელს შორის უთანხმოებაა. ქეცბაია ითხოვდა, რომ მწვრთნელთა შტაბი უცვლელი დარჩენილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას კლუბში დარჩენა არ სურდა. შეხვედრაზე მხარეებმა ვერ შეათანხმეს თავიანთი პოზიციები. სწორედ ამის შემდეგ ადმინისტრაციამ თემურს განუცხადა, რომ ის აღარ იქნება გუნდის მწვრთნელი.
"რა იქნება ქეცბაიას შემდეგ? უკვე მეორედ, თემურის მწვრთნელობა ისტორია გახდა. ვუსურვებთ ანორთოსისს კარგ შედეგებს ამის შემდეგ და არა ისეთ გამოსვლას, რაც თემურის პირველი წასვლის მერე ვიხილეთ 2009 წელს", - წერს anorthosis24.net.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ მდიდარი საფეხბურთო კარიერა სწორედ ანორთოსისში დაასრულა, 2004-2007 წლებში ის მოთამაშე მწვრთნელი იყო. კლუბიდან თემური 2009 წელს წავიდა, დაბრუნება კი ათი წლის შემდეგ, 2019 წელს შედგა. მწვრთნელის რანგში მან კვიპროსის ჩემპიონატი 2005 და 2008 წლებში მოიგო ანორთოსისთან ერთად, 2021-ში კი კვიპროსის თასს დაეუფლა. ანორთოსისში ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - ნაკრების გოლკიპერი გიორგი ლორია.
კომენტარები