Thumbnail

უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მე-3 საკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებისთვის ემზადება, რომლის განმავლობაშიც გუნდის ერთ-ერთი მეტოქე საქართველო იქნება.

ჯერაც გაურკვეველია, იქნებიან თუ არა ჩვენი მეტოქის რიგებში NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები ალეკსეი ლენი და სვიატოსლავ მიხაიულიუკი, რაზეც უკრაინელები ძალიან ნერვიულობენ, მითუმეტეს, რომ მათი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები ყველა უძლიერესის შეკრებას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გუნდის მენეჯერმა ანდრეი ლებედევმა ისაუბრა: 

“ლენსა და მიხაილიუკს ჯერაც ველოდებით. მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს და წესით, ამ კვირაში უნდა გვიპასუხონ. ჯერ კიდევ მაისში გახდა ცნობილი, რომ ნაკრებში ჩამოსვლა მათ გეგმებში შედიოდა, თუმცა, შესაძლოა, რაღაც შეიცვალა.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელსაც მეტოქეთა ბანაკიდან ვიღებ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან პირადი კონტაქტი მქონდა და მითხრეს, რომ მათ რიგებში ყველა უძლიერესი ითამაშებს: მათ შორის კალათბურთელები NBA-დან – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ეს რამდენად მართალია, ვერ გეტყვით.

მაგალითად, ის ნამდვილად ვიცი, რომ ლატვიის ნაკრებთან ერთად ემზადება დავის ბერტანსი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასავლეთ კონფერენციის ფინალში დალასის მაისურით თამაშობდა. ის ეროვნული ნაკრების კემპზე პირველივე დღეს გამოცხადდა და განაცხადა, რომ საკვალიფიკაციო მატჩებში აუცილებლად ითამაშებს”.

უკრაინის საკალათბურთო ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა

უკრაინის საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც ლატვიელი აინარს ბაგატსკისი წვრთნის, 14 კალათბურთელის შემადგენლობით შეიკრიბა და მომავალი მატჩებისთვის რიგაში ემზადება. შეგახსენებთ, რომ უკრაინელები 1 და 7 ივლისს, შესაბამისად, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს სწორედ ლატვიაში მიიღებენ, 4-ში კი, გასვლითი შეხვედრაა სკოპიეში – ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

გუნდს უახლოეს პერიოდში უნდა შეუერთდნენ წამყვანი მოთამაშეები, თუმცა, გუშინ მეტოქისთვის ერთი არასასიამოვნო ინფორმაციაც გავრცელდა: გერმანიის ჩემპიონატის პლეი ოფში ბაიერნთან მატჩში ტრავმა მიიღო (ფეხი გადაუბრუნდა) ბონის მცველმა ალეკსანდრ ლიპოვიმ და შესაძლოა, ეს სანაკრებო ფანჯრის გამოტოვებად დაუჯდეს. 

შეგახსენებთ, რომ სწორედ ივლისის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს გაირკვევა, მოახერხებს თუ არა უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაში მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასვლას. ამ დროისთვის, G ჯგუფს 4-დან 3 მოგებით საქართველო ლიდერობს, შემდეგ კი ესპანეთი (3-დან 3 გამარჯვება) მოდის. ამ ორ ნაკრებს მომდევნო რაუნდის საგზური უკვე განაღდებული აქვს, მე-3 იღბლიანის ვინაობა კი უკრაინასა (1 მოგება, 2 წაგება) და ჩრდილოეთ მაკედონიას (4 მარცხი) შორის გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები