Thumbnail
  • ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
  • დიდ ტურნირებზე 15 და 16 წლის ბავშვები ვეღარ იასპარეზებენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) ფიგურული მოციგურავეების მინიმალური ასაკი მაღალი რანგის ტურნირებზე 17 წლამდე აწია. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც სპორტის ამ სახეობისთვის ისტორიული და რევოლუციურია, ISU-ს 58-ე კონგრესზე სამშაბათს მიიღეს. აქამდე მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვითაც, სპორტსმენი ტურნირის მიმდინარე წლის 1 ივლისს მინიმუმ 15 წლის უნდა ყოფილიყო.

ISU-ს გადაწყვეტილება იმ უდიდესი დოპინგ-სკანდალის შედეგია, რომელიც დაახლოებით 4 თვის წინ, ზამთრის ოლიმპიადაზე მოხდა და რომლის ეპიცენტრშიც 15 წლის რუსი მოციგურავე კამილა ვალიევა გახლდათ.

“ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა,” - განაცხადა კონგრესის შემდეგ ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა იან დაიკემამ. ასაკის ზღვრის აწევას 100-მა ქვეყანამ მისცა ხმა, 16 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 3-მა თავი შეიკავა.

ზამთრის ოლიმპიადაზე კამილა ვალიევას სკანდალი მთავარი თემა იყო

ცვლილებები მომდევნო წლებისთვის, ეტაპობრივად დაიგეგმა. 2023 წლის ზაფხულიდან ზღვარი 15-დან 16 წლამდე აიწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთარში, დიდ ტურნირებზე სპორტსმენები მინიმუმ 16 წლის და 6 თვის იქნებიან. 2024 წლის სეზონის დაწყებისთვის კი ზღვარი კიდევ ერთხელ აიწევა 17 წლამდე.

წესის შეცვლას სხვადასხვა ქვეყნების ფედერაციები და ექიმები ითხოვდნენ. გარდა ფიზიკურისა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშვები მენტალურად არ უნდა იყვნენ ასე დატვირთულები. ამაზე მსჯელობა და დისკუსიები სწორედ 15 წლის რუსი კამილა ვალიევას სკანდალის შემდეგ დაიწყო, რომელიც ზამთრის ოლიმპიადაზე ფავორიტი გახლდათ და დოპინგ-სკანდალის გამო უდიდესი სტრესი მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები