Thumbnail

'გაყრა არ იქნება ხავერდოვანი' - ქეცბაია ანორთოსისს ცენტსაც არ შეარჩენს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

თემურ ქეცბაიამ და ფამაგუსტას ანორთოსისის ხელმძღვანელობამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტეს, მაგრამ როგორც ირკვევა, დაშორება "ხავერდოვანი" არ იქნება და ქართველი სპეციალისტი კლუბისგან კონტრაქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო თანხას სრულად მოითხოვს. 

ცნობილია, რომ 54 წლის ქართველ სპეციალისტს პრობლემები კლუბში ახლახან დანიშნულ სპორტულ დირექტორთან, ნეოფიტოს ლარკუსთან შეექმნა, რომელიც სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა. ქეცბაიასთვის, რომლის თანაშემწის თანამდებობაზე სოსო ჭედია მუშაობდა, მიუღებელი სწორედ ეს აღმოჩნდა. 

თემურ ქეცბაია ანორთოსისის მთავარი მწვრთნელობიდან მეორედ მიდის

თემურ ქეცბაიას ანორთოსისთან ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონი, 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. როგორც კვიპროსული მედია წერს, ქართველი სპეციალისტი ძალიან უკმაყოფილოა მის მიმართ კლუბის ადმინისტრაციის დამოკიდებულებით.  

"ქართველი სპეციალისტი მისი კომპენსაციის საკითხში დათმობაზე წასვლას არ აპირებს. პირიქით, არსებული ინფორმაციით, ის გათვალისწინებულ თანხას უკანასკნელ ცენტამდე მოითხოვს, რომელიც 250 ათას ევროს აღემატება. როგორც ჩანს, მხარეებისთვის გაყრა სულაც არ იქნება "ხავერდოვანი", - წერს კვიპროსული 24sports.

თემურ ქეცბაია და სოსო ჭედია ანორთოსისს ემშვიდობებიან

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ მდიდარი საფეხბურთო კარიერა სწორედ ანორთოსისში დაასრულა, 2004-2007 წლებში კი ის ამ კლუბში მოთამაშე მწვრთნელი იყო. თანამდებობიდან თემური 2009 წელს წავიდა, მისი დაბრუნება კი ათი წლის შემდეგ, 2019 წელს შედგა. ანორთოსისის მწვრთნელის რანგში მან კვიპროსის ჩემპიონატი 2005 და 2008 წლებში მოიგო, 2021-ში კი კვიპროსის თასს დაეუფლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები