Thumbnail
  • ერიკ ტენ ჰაგს წარმატებისთვის მთელი სპორტული მხარის მენეჯმენტი სჭირდება
  • მანჩესტერში სავარაუდოდ ბევრი ცვლილება იქნება
  • ნიდერლანდელი არასოდეს ცვლის სათამაშო სისტემას და ფილოსოფიას
  • კრიშტიანოს საკითხის გადაწყვეტა სეზონის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

‘არ წახვიდე კომერციულ კლუბში სამუშაოდ’ - ასე ჟღერდა ლუის ვან გაალის რჩევა.

ვან გაალმა თავის 70 წლის იუბილეზე ერიკ ტენ ჰაგი სახალხოდ გააფრთხილა. ეს იმ დროს, როცა იუნაიტედის ინტერესზე პრესა აქტიურად წერდა, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერი იყო. ვან გაალს იუნაიტედში მუშაობის გამოცდილება აქვს და იცის, რასაც ლაპარაკობს. მას არაერთხელ აღუნიშნავს, თუ რა განსხვავებაა ‘კომერციულ’ (ანუ მანჩესტერ იუნაიტედი) და სუფთა საფეხბურთო კლუბში (გულისხმობს ბაიერნს) მუშაობას შორის.

ტენ ჰაგი მაინც თავისი გზით წავიდა. ძალიან რთულია, მანჩესტერ იუნაიტედს უარი უთხრა. სიტის და ჩელსის ბოლო წარმატებების მიუხედავად, იუნაიტედი ლივერპულთან ერთად მაინც ბრიტანეთის უდიდეს კლუბად რჩებად და რამდენიმეწლიანი კრიზისი მის ამ სტატუსს ვერ შეარყევს.

რა უნდა იყოს ტენ ჰაგის როლი

ვან გაალის რჩევას თავისი ლოგიკა აქვს. მანჩესტერ იუნაიტედი ყველაზე კრიზისული და ქაოტური სუპერკლუბია პლანეტაზე. ფერგის წასვლის შემდეგ ეს წლიდან წლამდე გრძელდება. მანჩესტერმა ყველაფერი სცადა: ‘ახალი ფერგის’ მოძებნაც დევიდ მოიესის სახით, კლუბის ლეგენდასაც ენდო (სულშერი), ტაქტიკოსიც მოიყვანა (ვან გაალი, რანგნიკი) და ტიტულების მოგების მანქანასაც მისცა შანსი (მოურინიო). არაფერი გამოვიდა. პირველ რიგში ეს იმიტომ ხდება, რომ მანჩესტერს ორგანიზაციული, საკლუბო კრიზისი აქვს და არა საფეხბურთო. საფეხბურთო კრიზისი ამ ორგანიზაციული კრიზისის შედეგია.

ტენ ჰაგის პირველი დღე ოლდ ტრაფორდზე

იუნაიტედის მართვა ბიზნესის ხალხს აქვს ჩაბარებული და ისინი, ბუნებრივია, სპორტული თვალსაზრისით არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ფერგიუსონი ერთადერთი იყო, ვინც ამ კლუბს მართავდა. ის მწვრთნელი კი არა, კლუბის მმართველი, მენეჯერი იყო და თავის თავზე იღებდა კლუბის სპორტული მხარის სრულად მართვას - ტრანსფერებით დაწყებული, ტაქტიკით დამთავრებული.

ფერგის წასვლის შემდეგ ამ მოცულობის სამუშაოს გაწევა არავის შეუძლია. შედეგად, კლუბში მწვრთნელები ერთმანეთს ცვლიან ისე, რომ განვითარების ერთიანი სტრუქტურა და კონცეფცია არ ჩანს. მაგალითად, რა საერთო აქვთ ერთმანეთთან მოურინიოს და ვან გაალს?! არც არაფერი. კლუბი მუდამ ცვლილებების რეჟიმშია, რაც ქაოსს იწვევს, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში.

ახალი მოთამაშეები კლუბში უსისტემოდ მოდიან. კონკრეტული სისტემის ნაწილად კი არ მოიაზრებიან, არამედ მანჩესტერი სიტუაციურად ყიდულობს მათ და მერე ფიქრობს, რა უყოს, რამდენად ერგებიან მწვრთნელს, გუნდს, სისტემას. გამოჩნდა რაფა ვარანის ვარიანტი? ვიყიდოთ, კარგი ფეხბურთელია. გამოჩნდა კრიშტიანოს ვარინტი?! ვიყიდოთ, კრიშტიანო მაგარია. დაახლოებით, ასე მუშაობს იუნაიტედის ლოგიკა.

არადა, მაგალითად, ლივერპულს და სიტის წლების განმავლობაში აწყობილი სათამაშო სისტემა აქვთ და ახალ მოთამაშეებსაც ამ სისტემით ეძებენ. მანეს წასვლა უნდა? გუნდში დაახლოებით იგივე თვისებების მქონე ლუის დიასი მოდის. ფირმინომ გოლებს მოუკლო? დიოგო ჟოტა მიეხმარება, რომელიც პრესინგს ფირმონოსავით თამაშობს, თუმცა უფრო შედეგიანია.

პრემიერლიგის სკაუტები ‘ატლეტიკთან’ ანონიმური ინტერვიუს დროს იმასაც წერენ, რომ მანჩესტერზე ზედმეტად დიდი გავლენა აქვთ სხვადასხვა აგენტებს. იუნაიტედი უსმენს მათ და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს, ანალიზს და სკაუტინგს კი ნაკლებად ენდობა.

ტენ ჰაგს ‘ოლდ ტრაფორდზე’ კოლოსალური სამუშაო ექნება. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერმა კლუბის ორგანიზაციული გარდაქმნა უკვე დაიწყო (წავიდა ვუდვორდი, შეიცვალა კლუბის მენეჯმენტის დიდი ნაწილი), მან დიდწილად უნდა შეითავსოს ის როლი, რაც ფერგიუსონს ჰქონდა, ანუ კლუბის სპორტული მხარის სრული მენეჯმენტი. სხვანაირად მას წარმატების შანსი არ ექნება. კარგი ის არის, რომ მანჩესტერში იმდენად მობეზრდათ საკუთარი წარუმატებლობები, რომ ნიდერლანდელს შესაძლოა ეს როლი მისცენ და მას ყველაფერში დაეხმარონ. წყაროები იმასაც ამბობენ, რომ ტენ ჰაგი გამოკვეთილად ლიდერია, ადამიანებთან ურთიერთობა, მენეჯმენტი ეხერხება და პასუხისმგებლობის აღების არ ერიდება. მოკლედ, ის როლი, რომელიც ფერგის წასვლის შემდეგ, თავისუფალია, მან ნაწილობრივ მაინც შეიძლება შეითავსოს.

როგორ ითამაშებს ტენ ჰაგის გუნდი

ტენ ჰაგი დოგმატიკოსია. თავისი საფეხბურთო ხედვა აქვს, რომელსაც არ უღალატებს. ის ამსტერდამული სკოლის კლასიკური წარმომადგენელია, რომელმაც ბევრი რამ ბაიერნში გვარდიოლასთან მუშაობისას ისწავლა. მისი გუნდი ყოველთვის მაღლა და ბევრს აპრესინგებს, ყოველთვის ბურთის ფლობასა და შეტევაზეა ორიენტირებული და ბურთის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებას ცდილობს.

სწორედ ამიტომ, მის ანგარიშზე მადრიდში 4:1 გამარჯვებაც არის მაშინ, როცა მისმა პრესინგმა რეალს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და ფეიენოორდთან 2:6 მარცხიც, როცა მეტოქე აიაქსის პრესინგინდან იოლად ამოდიოდა და თავისუფალ სივრცეებში მომენტს მომენტზე ქმნიდა. შედეგის მიუხედავად, ტენ ჰაგი სტილს არასოდეს უღალატებს.

ეს მანჩესტერშიც იციან. არადა, იუნაიტედის გუნდი იმდენად ქაოტურად და უსისტემოდ არის შექმნილი, რომ მათი ერთიან სტილში გაერთიანება ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერმა თავის გუნდს კი არ მოარგო მწვრთნელი, რომელიც არსებული რესურსის მაქსიმალიზაციას ეცდებოდა, არამედ მოიყვანა ახალი სისტემის და ფილოსოფიის მწვრთნელი, რომლის ხედვების მიხედვითაც შეეცდება ახალი გუნდის შექმნას. ეს ბევრი მოთამაშის წასვლას და ახალი ფეხბურთელების დამატებასაც ნიშნავს, რაც დროში გაწელილი პროცესი იქნება. შეუძლებელია, ახალი სისტემის ერთ სეზონში შექმნა. მაგალითად, იურგენ კლოპს ამისთვის რამდენიმე წელი დასჭირდა.

იმის თქმა მინდა, რომ ტენ ჰაგს პირველ ეტაპზე თავისი ფეხბურთის თამაში გაუძნელდება, თუმცა ის თავის ხედვებზე უარს მაინც არ იტყვის.

ნიდერლანდელმა აიაქსის ორი სხვადასხვა თაობა შექმნა და ზოგადად, გუნდის აწყობა ეხერხება. სათამაშო სქემაც ნათელია - ის 4-3-3-ით ან 4-5-1-ით ითამაშებს, რაც იდეაში მსგავსი სათამაშო მოდელია.

ვის აწყობს და ვის არ აწყობს ტენ ჰაგი

ტენ ჰაგის გუნდებს ყოველთვის აქტიური განაპირა მცველები ჰყავთ. ფლანგის მცველები ბევრს და ხშირად უნდა უტევდნენ. მარცხენა ფლანგზე ლუკ შოუსგან შეიძლება შემტევი მცველის გამოყვანა, თუმცა აარონ ვან ბისაკას მის გუნდში ალბათ გაუჭირდება. სავარაუდოა, რომ ნიდერლანდელი ერთ განაპირა მცველს მაინც დაიმატებს. მას უყვარს, როცა ცენტრალური მცველები მაღლა, აგრესიულად თამაშობენ და პოზიციებს იოლად ტოვებენ. არც რაფა ვარანი და არც ჰარი მაგუაირი ამ სტილში თავს ყველაზე ორგანულად არ გრძნობს. მაგუაირს სისწრაფე და სისხარტე აკლია ამ დროს, ვარანი კი რეალში წლების განმავლობაში უფრო დაბალ და საშუალო დაცვის ხაზში თამაშსაა მიჩვეული.

ტენ ჰაგმა შესაძლოა სცადოს უკვე არსებული მცველებით დაცვის ხაზის აწყობა, თუმცა შემთხვევითი არ არის, რომ პრესაში უკვე გახმაურდა მატეის დე ლიხტისადმი იუნაიტედის ინტერესის შესახებ.

ტენ ჰაგის გუნდში განსაკუთრებით კარგად გამოიყურებიან განაპირა შემტევები. შესაბამისად, ჯეიდონ სანჩოსგან და მარკუს რაშფორდისგან, დიდი ალბათობით, კარგ სეზონს უნდა ველოდოთ. იგივეს თქმა შეიძლება ბრუნო ფერნანდეშზე, რომელიც დინამიურია და კარგად აპრესინგებს. რაც მთავარია, არის დიდი მოლოდინი, რომ დონი ვან დე ბეეკი ტენ ჰაგის ხელში ახალ სიცოცხლეს დაიწყებს, რადგან სწორედ ტენ ჰაგთან ძალიან მაგრად თამაშობდა.

ბრიტანული პრესის ცნობით დე იონგი იუნაიტედის ერთ-ერთი სამიზნეა

შუა ხაზში მანჩესტერს აუცილებლად დასჭირდება მოთამაშე, რომელსაც შეტევის დაწყება და ტემპის კონტროლი შეუძლია - ის საქმე, რომელსაც მის აიაქსში ფრენკი დე იონგი აკეთებდა. თანაც ამ მოთამაშეს პრესინგში წასვლა და ბრძოლაც უნდა შეეძლოს. მანჩესტერისთვის შუაში სულ მცირე ერთი მოთამაშის დამატება პრიორიტეტული ამოცანაა. ეს ყველაზე სუსტი რგოლია, სამაგიეროდ წინა ხაზში სანჩო-რაშფორდი-ბრუნოს სამეული ნიდერლანდელის სტილს კარგად უნდა შეეწყოს. სანჩო ბორუსიაში საერთოდაც მსგავს სისტემაში თამაშობდა თავის საუკეთესო ფეხბურთს.

გუნდიდან უკვე წავიდა პოლ პოგბა, მოთამაშე, რომელსაც ნიდერლანდელის გუნდში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილი ეპოვა.

კრიშტიანოს დილემა

კრიშტიანო წინა სეზონში ალბათ იუნაიტედის საუკეთესო მოთამაშე იყო ინდივიდუალურ დონეზე. რომ არა მისი გოლები, მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა. თუმცა, ის ცალკე იყო, გუნდის ორგანულ ნაწილად თითქოს არც განიხილებოდა.

კრიშტიანოს პრესინგში თამაში არასოდეს უყვარდა. მით უმეტეს, 37 წლის ასაკში არ შეიძლება ეს უყვარდეს. არადა, მანჩესტერს პორტუგალიელის ამ ეტაპზე გაყიდვა რომც უნდოდეს, ამის ნაკლები შანსია. ამ კალიბრის ფეხბურთელის ამ ასაკში ტრანსფერი რთული ამოცანაა. კრიშტიანო უდიდესი ალბათობით დარჩება და მასთან მიმართებაში ტენ ჰაგს კომპრომისული ვარიანტის მოძებნა მოუწევს. თან პორტუგალიელის უნიკალური ბომბარდირული თვისებები უნდა გამოიყენოს, თან ნაწილობრივ თავის სათამაშო პრინციპებზე უარის თქმას დათანხმდეს. რამდენად იზამს და შეძლებს ამას, ეს უცნობია. ტენ ჰაგისთვის კრიშტიანოს საკითხის გადაწყვეტა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

რანგნიკისა და კრიშტიანოს ურთიერთობა არცთუ იოლად წავიდა

საერთო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში მანჩესტერს თავდამსხმელი აუცილებლად სჭირდება.

კრის არმასს, რანგნიკის ამერიკელ დამხმარეს გასული სეზონის განმავლობაში, დეკემბერში, სერ ალექსთან საუბარი ჰქონდა. არმასი სერ ალექსს მის გამოცდილებაზე უყვებოდა ჩიკაგო ფაიერში თამაშის დროს და ნიუ იორკ რედ ბულსისა და ტორონტოს გაწვრთნის დროს. ეს ლანჩზე მოხდა. დამსწრეთა განცხადებით, სერ ალექსმა გაუღიმა და უთხრა: ‘შვილო, აქ ბევრად უფრო მეტი რამ დაგჭირდება’.

ტენ ჰაგი კრის არმასი არ არის, აიაქსში იგი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა სპეციალისტად ჩამოყალიბდა, მაგრამ იუნაიტედში მას ბევრი მეტი რამ დასჭირდება წარმატებისთვის. პროცესი ყველა შემთხვევაში რთული იქნება. ამ მასშტაბის კრიზისის თვეებში, ან თუნდაც ერთ სეზონში წარმატებად გარდაქმნა თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. მით უმეტეს, ძალიან კონკურენტულ პრემიერლიგაში. პირველ ეტაპზე მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში უნდა დაბრუნდეს, თავისი სათამაშო იდენტობა შეიძინოს და გუნდის სწორი კომპლექტაცია დაიწყოს. ტენ ჰაგის პირველი ამოცანა, ალბათ ეს უნდა იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები