Thumbnail
  • გერმანიის ნაკრები ჰანსი ფლიკის ხელში დაუმარცხებელია
  • მაგრამ ბუნდესგუნდი ძლიერ ნაკრებებთან მოგებასაც ვერ ახერხებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გერმანიის ნაკრებს ახალი საყვარელი ანგარიში აქვს.

ბუნდესგუნდმა ერთა ლიგის მატჩში ინგლისთან ზედიზედ მესამე 1:1 ითამაშა (მანამდე იტალიასთან და მარტში ნიდერლანდებთან ამხანაგურში). ამრიგად, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრები მართალია, დაუმარცხებელია (8 მოგება, 3 ფრე), მაგრამ დიდი ნაკრები ჯერაც არ დაუმარცხებია. 

“მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ. სწორედ ასეთი ფეხბურთის თამაში გვსურს. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ვერ დავჯილდოვდით, ვერ მოვიგეთ,” - განაცხადა ფლიკმა ინგლისთან 1:1-ის შემდეგ.

თომას მიულერი უფრო გულახდილი იყო: “ეს თამაში ამ სტილში 10-ჯერ რომ გაიმართოს, ჩვენ უფრო მეტ მატჩს მოვიგებთ, ვიდრე ინგლისი. სამწუხაროა, რომ ისევ ვერ მოვიგეთ. იტალიასთან მატჩისგან განსხვავებით, სულ სხვა შეგრძნება მქონდა: დავინახეთ, რა შეგვიძლია. მაგრამ სტაბილურობა და შედეგიც საჭიროა, როცა გინდა, რომ ტოპ-გუნდი იყო.”

იტალიასთან მატჩისგან განსხვავებით (1:1 ბოლონიაში), ბუნდესგუნდმა მართლაც გაცილებით ეფექტურად ითამაშა. საინტერესოა, რომ ფლიკმა ძირითადი შემადგენლობა 7 პოზიციაზე შეცვალა და სასტარტოში მხოლოდ ნოიერი, რიუდიგერი, კიმიხი და მიულერი დატოვა.

გოლის ავტორი იონას ჰოფმანი: “სამწუხაროა, ასეთი გოლი რომ გავუშვით. მატჩის მიწურულს საკამათო პენალტით გოლის მიღება სულელური ამბავია. ვფიქრობ, გარკვეულწილად საკმაოდ კარგად ვთამაშობდით.”

ილქაი გიუნდოგანი: “ვფიქრობ, მთელი 90 წუთის განმავლობაში უკეთესი გუნდი ვიყავით და ეს თამაში უნდა მოგვეგო.”

მოკლედ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში წაგებიდან (0:2) 343 დღის შემდეგ გერმანიას რევანში არ გამოუვიდა. თუმცა მიულერმა ისიც თქვა, არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ კიდევ ერთა ლიგაზე ვთამაშობთ, მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულაო. მიულერის სიტყვებით ისე გამოდის, რომ ყატარში სულ სხვა გერმანია უნდა ვნახოთ…

კომენტარები

ბოლო ამბები