Thumbnail

'ამიტომ მირჩევნია ესპანეთში' - ვილი ისიანი კარიერის ახალ ეტაპს იწყებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ვილი ისიანმა დეტროიტ მერსი დატოვა და ახალ კლუბში გადავა
  • ქართველმა კალათბურთელმა NCAA-ში 4 წელი გაატარა
  • ევროპოპი 24 წლის მოთამაშეს დაუკავშირდა და გეგმებზე ესაუბრა

ქართველმა კალათბურთელმა ვილი ისიანმა ბოლო ოთხი სეზონი NCAA-ში, დეტროიტ მერსი ტიტანსის რიგებში გაატარა. ახლა კი ამერიკული კოლეჯი დაამთავრა და ახალი სეზონიდან ახალ კლუბში, უკვე პროფესიულ დონეზე ითამაშებს. 

ევროპოპი 24 წლის კალათბურთელს დაუკავშირდა და ამერიკაში გატარებული პერიოდის გარდა, სხვა თემებზე, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.

ისიანმა ამერიკაში 4 წელი გაატარა, სადაც დეტროიტის ღირსებას იცავდა. როგორც ამბობს, განსაკუთრებით ბოლო სეზონითაა კმაყოფილი, რომელშიც ძალიან განვითარდა და მოუმატა: "დეტროიტში 4 წლის წინ ჩავედი და მწვრთნელები თავიდანვე ძალიან კარგად, თბილად დამხვდნენ. მაშინვე მივხვდი, რომ კარგად ადგილას მოვხვდი. თავიდან, დოკუმენტების გამო, 3 თვის გამოტოვება მომიწია და თამაში იანვარში დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებიც მქონდა, პირველ სეზონში ძალიან კმაყოფილი ვიყავი, თუმცა ყველაზე კმაყოფილი მესამე და მეოთხე სეზონით ვარ, გუნდიც უკეთესი იყო. სამწუხაროდ, ბოლო ორ სეზონში ნახევარფინალში დავმარცხდით, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პროგრესი ბოლო წელს მქონდა, ჩემს თამაშს ბევრი თვისება დავამატე".

დეტროიტი ისიანს ასე დაემშვიდობა

ამერიკამდე იყო ესპანეთი და გრან კანარია, რომლის აკადემიაში ასევე 4 წელი თამაშობდა. ვილი ფიქრობს, რომ ესპანეთში უფრო გუნდურ თამაშზე აკეთებენ აქცენტს, ამერიკაში კი - ინდივიდუალურზე:

"გრან კანარიაში 16 წლის ასაკში მოვხვდი. ჩემი თამაში ევროპის ჩემპიონატზე ნახეს და მოვეწონე. 10-დღიან გამოსაცდელ ვადაში თავი გამოვიჩინე, ოთხთა ტურნირში ყველაზე მეტი ქულა მქონდა და კონტრაქტი გამიფორმეს. პირველ გუნდთანაც მიწევდა ვარჯიში და ბევრს ვსწავლობდი პროფესიონალებთან მუშაობით. რომ შევადარო, ესპანეთში უფრო გუნდური თამაშია და ინდივიდუალური მახასიათებლების განვითარებაზე ისე არ ზრუნავენ, როგორც ამერიკაში, სადაც ასევე უფრო მაღალ დონეზეა აყვანილი ფიზიკური მომზადება. იმას არ ვამბობ, რომ ესპანეთში ამ მხრივ ცუდი ვითარება იყო, მაგრამ ამერიკაში ფიზიკურ მომზადებას ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ".

ვილი ისიანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ სამაგიეროდ, ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. ქართველი კალათბურთელი ფიქრობს, რომ მის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი 16-წლამდე ნაკრებში მიწვევამ შეიტანა, რადგან მაშინ კალათბურთს სულ სხვა თვალით შეხედა: "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როცა 14 წლის ასაკში 16-წლამდე ნაკრებში მოვხვდი. მაშინ დავინახე, რა შეეძლოთ ჩემი ასაკის ბიჭებს. მივხვდი, სადამდე უნდა წავსულიყავი, რამხელა გზა მქონდა გასავლელი წარმატებისთვის. ასე ვთქვათ, იმ პერიოდმა ტვინი გამიხსნა და თვალები ამიხილა".

ვილი ისიანმა დეტროიტში 4 წელი ითამაშა

ასაკობრივი ნაკრებები ერთია, ეროვნული - მეორე. აქ ვილი ჯერ კიდევ დებიუტის მოლოდინშია და როგორც თვითონ გვითხრა, ჯერჯერობით, გამოძახებასთან დაკავშირებით არავისგან არაფერი სმენია: "ნაკრებში გამოძახებაზე არაფერი მსმენია და ვერაფერს გეტყვით. ბოლოს ნაკრებში 4 წლის წინ ვიყავი ვარჯიშებზე, რომელიც ოფიციალური არ იყო და ვარჯიშებს ილიას ზუროსიც არ ესწრებოდა".

სად გააგრძელებს კარიერას? ეს ჯერ არ იცის, მაგრამ როგორც ვიცით, ინტერესი ესპანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან არსებობს. ვილის თქმით, უფრო მეტი დაახლოებით ერთ თვეში ეცოდინება:

"ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან კონკრეტული ჯერ არაფერია. უფრო ზუსტად ალბათ ივლისის შუა რიცხვებში მეცოდინება. ჯერჯერობით, რამდენიმე სააგენტოსგან იყო შემოთავაზება, რომ კონტრაქტზე ხელი მომეწერა. დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთ ლიგაში მოვხვდები, სადაც გაზრდას და წინსვლას გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, ყველა კალათბურთელისთვის NBA მთავარია და პირველი არჩევანი ჩემთვის ამერიკა იქნებოდა, რადგან ეს ყველას სურვილი და ოცნებაა. მეორე ადგილზე ესპანეთს დავაყენებ, რადგან ძალიან მაღალი დონეა. ენა ვიცი, როგორ თამაშობენ ვიცი და ადაპტაციის კუთხითაც არ გამიჭირდებოდა. მთავარია ვარჯიში, რომ არ მოვდუნდე და შანსი როცა მომეცემა, გამოვიყენო".

ვილი ისიანის სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე სამქულიანების სროლა მისი პირდაპირი მოვალეობა არ არის, თუმცა, მის კარიერაში მაინც არსებობს ასეთი სტატისტიკა: უფრო მეტჯერ სამქულიანს ისვრის, ვიდრე ორქულიანს. მას ამის შესახებაც ვესაუბრეთ:

"პირველივე წლიდან ასე იყო და ამით გავხდი იქ ცნობილი. გუნდის ერთ-ერთ სნაიპერად მივიჩნეოდი და წელს 40-პროცენტიანი სიზუსტით ვისროდი. სეზონში ერთი მომენტი იყო, როცა ეს მაჩვენებელი 50%-ზეც ავიდა. მწვრთნელს ძალიან მოსწონდა ასეთი თამაში, რადგან მსროლელი მოთამაშეები უყვარს. მეც გუნდში ასეთი როლი მქონდა, ცენტრად კი ვიდექი, მაგრამ თუ თამაშებს ნახავდით, ცენტრიდან გამთამაშებლის ფუნქციებსაც ვითავსებდი, რადგან ბურთი ხშირად ჩემთან მოდიოდა და მე ვათამაშებდი - ხელიდან ხელში იქნებოდა, ჩარბენაზე პასის მიცემა თუ სხვა".

მართალია, ისიანი საქართველოს ნაკრების წევრი ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ მოახლოებულ ევრობასკეტზე მაინც ვკითხეთ. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიოს: "როგორც წესი, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ყოველთვის კარგად თამაშობს. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ბაზა არსებობს, რამაც შეიძლება შორს გასვლის ძალიან დიდი შანსი მოგვცეს. გარდა ამისა, შინ ვითამაშებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება".

და ბოლოს, ვინ გახდება ჩემპიონი NBA-ს მიმდინარე სეზონში? ისიანი: "ჩემი აზრით, გოლდენ სტეიტი მოიგებს. თუ ასე გააგრძელებს თამაშს, უფრო მეტი შანსი აქვს ჩემპიონობის, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და კალათბურთი იმიტომაც არის მაგარი სპორტი, რომ არასდროს იცი, რა მოხდება".

ვილი ისიანი NCAA-ს 2021/22 წლების სეზონში საშუალოდ 4.9 ქულას და 3.2 მოხსნას აგროვებდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა კარიერა სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო, შემდეგ დინამო თბილისისა და შ.ს.ს აკადემიის წევრი იყო, ხოლო ამის შემდეგ ესპანეთში გადავიდა, მერე კი ამერიკაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები