Thumbnail

ლუკა მოდრიჩმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალმა მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა
  • 36 წლის ხორვატი ნახევარმცველი რეალში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს

მადრიდის რეალმა ლუკა მოდრიჩს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 36 წლის ხორვატი ნახევარმცველი "სამეფო კლუბის" ღირსებას კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დაიცავს - 2023 წლის 30 ივნისამდე. 

ლუკა მოდრიჩი და ფლორენტინო პერესი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ

ლუკა მოდრიჩი, რომელიც ზაგრების დინამოს აღზრდილია, მადრიდის რეალის ფეხბურთელი 2012 წელს გახდა, სადაც ტოტენჰემიდან 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ხორვატმა "სამეფო კლუბში" სამჯერ ესპანეთის ჩემპიონობა მოიგო, ერთხელ ესპანეთის თასი და ხუთჯერ ესპანეთის სუპერთასი. ამას გარდა, ნახევარმცველი ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგის, სამჯერ უეფას სუპერთასისა და ოთხჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 

2021/22 წლების სეზონში ლუკამ რეალის ღირსება ყველა ტურნირის 45 მატჩში დაიცვა, სადაც 3 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოირჩა. 

"ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვაგრძელებ თამაშს. ეს ათი წელიწადი იყო იმის ხორცშესხმა, რაზეც ვოცნებობდი - თამაში რეალის მაისურით. მაგრამ ახლაც ისე ვარ აღფრთოვანებული, თითქოს ეს ჩემი პირველი დღე იყოს კლუბში. ვაგრძელებთ. Hala Madrid", - თქვა ლუკამ ხელმოწერის შემდეგ. 

ლუკა მოდრიჩი 2018 წელს ოქროს ბურთის მფლობელი გახდა

ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 2006 წლიდან გამოდის, რომლის მაისურით ჩატარებულ 150 მატჩში 21 გოლი გაიტანა, 2018 წლის მუნდიალზე კი ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები