Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა ჯერ გიბრალტარს თბილისში ანგარიშით 4:0 აჯობა, რის შემდეგაც ბულგარეთს სტუმრად 5:2 მოუგო. ქართველი ფეხბურთელების მომდევნო მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიაა, რომელსაც 9 ივნისს, სკოპიეს ეროვნულ არენაზე (ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონი), ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს რევანშის შანსია - ეროვნულმა გუნდმა თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ევროპის ჩემპიონატზე ვერ წავიდა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნიკა კვეკვესკირმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს:

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

...ჩრდილოეთ მაკედონიასთან ძველი მარცხი: "მე იმ პერიოდში გუნდთან არ ვმუშაობდი და ჩემთვის ეს რევანშის საკითხი არ არის. იგივე შეჯიბრია, მაგრამ ახლა მთავარია მომავალი მატჩი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ფორმა და თბილისში კარგი მოგონებებით დავბრუნდეთ".

...ნაკრების წარმატებულ სერიაზე: "გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ გამოცდილმა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს".

...ფეხბურთელების მდგომარეობაზე: "29-ვე ფეხბურთელი მზადაა, რომ ამ მატჩში მონაწილეობა მიიღოს და დანარჩენი ხვალ გადაწყდება". 

...ჯგუფში ფავორიტზე: "მიმაჩნდა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ამ ჯგუფის ფავორიტი იყო. მათ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიას პლეი ოფში აჯობეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უკვე ამ მომდევნო შეხვედრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვცდებოდი და ჯგუფში პირველ ადგილს ჩვენ დავიკავებთ".

...მეტოქეზე: "ბულგარეთთან პირველ თამაშში მაკედონიას უნდა მოეგო. სტატისტიკა ვნახე და ვფიქრობ, ბულგარეთში ქულა სტუმრებისთვის ცუდი შედეგი იყო. მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას კარგი სტარტი აქვს და ჯგუფში მესამე შეხვედრა ყოველთვის ძალიან რთულია". 

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი):

...მაკედონიასთან ცუდ მოგონებებზე: "მოგონებებს რაც შეეხება, ის თამაში ყველას გვახსოვს, ის მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ტკივილი ისევ ჩვენთანაა, ის ტკივილი მთელი კარიერის განმავლობაში გაგვყვება".

...მიზანზე: "რევანშზე საუბარი ცოტა რთულია, ხვალ უნდა მოვიგოთ შეხვედრა და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მოგება, მაგრამ არა რევანში. ბიჭები თამაშობენ საქართველოსთვის და თავისი ხალხისთვის, ამიტომ გვაქვს ეს გუნდური სულისკვეთება. რევანშზე მეტად ეს მატჩი ჩვენი ხალხის გასახარებლად იქნება და ეს მიზანი უნდა შევასრულოთ".

...ბულგარეთთან გამოუყენებელ პენალტზე: "მე ისეთი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც გოლს საგოლე პასი ურჩევნია. ნაკრებში ყველას სურდა, რომ გოლი გამეტანა და ამიტომ დავარტყი პენალტი. მოტივაცია ყოველთვის მაქვს, რომ მატჩები მოვიგო და ახლაც ასეთი შემართებით ვარ".

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები C დივიზონის მე-4 ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ჩრდილოეთ მაკედონიას - 4, ბულგარეთს კი 1 ქულა აქვს, ხოლო გიბრალტარი უქულოდაა. 9 ივნისს ბულგარეთი სტუმრად გიბრალტარს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები