Thumbnail

დიბალა თანახმაა, ინტერში გადავიდეს - ტრანსფერის ალბათობა დიდია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერმა პაულო დიბალას 3-წლიან კონტრაქტი შესთავაზა
  • 28 წლის არგენტინელი მილანურ კლუბში თამაშზე თანახმაა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

პაულო დიბალა ალბათ ინტერის ფეხბურთელი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ახლა ყველაფერი ასე იკითხება.

არგენტინელი თავდამსხმელის აგენტი ხორხე ანტუნი 8 ივნისს, მილანში, ინტერის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა დეტალები განიხილეს. "ნერაძურის" წინადადება ცნობილია: 3-წლიანი კონტრაქტი 1 წლით განახლების ვარიანტით, სეზონში კი ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო პლუს ბონუსებით (ჯამში 7 მილიონი).

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, დიბალა თანახმაა ინტერის ეს შეთავაზება მიიღოს და მალე შესაძლოა გარიგება ოფიციალურად დადასტურდეს. საინტერესოა, რომ დიბალა თავისუფალი აგენტია, მას იუვენტუსმა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.

დიბალა იუვენტუსს ცრემლებით დაემშვიდობა, ახლა ინტერში გადადის

რატომ გაუშვა იუვენტუსმა დიბალა? ტურინული გრანდი პაულოს დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა ახალ კონტრაქტს, რომლის მიხედვით მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთელი მინიმუმ 10 მილიონს ითხოვდა. შედეგად, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ხოლო მაშინ, როცა გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, ტურინელებმა დიბალას პირდაპირ აცნობეს, რომ მასთან კონტრაქტს არ განაახლებდნენ - იუვემ ბოლოს არგენტინელს 1 ცენტიც კი არ შესთავაზა. ახლა კი, დიბალა ინტერში უფრო დაბალი ხელფასით თამაშზეა თანახმა, ვიდრე თავის დროზე ტურინში სთავაზობდნენ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა იტალიაში 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც პალერმოში ჩაირიცხა. იუვენტუსის მაისურით კი 2015-2022 წლებში 293-ჯერ ითამაშა და 115 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები