Thumbnail

GAMING | საუდის არაბეთში eSports-ის 15-მილიონიანი ტურნირი ჩატარდება

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ჩემპიონატი დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება
  • ღონისძიება ახლადაშენებულ არენაში გაიმართება

საუდის არაბეთის eSports-ის ფედერაციამ სპორტული ღონისძიების ჩატარება დაანონსა, რომლის საპრიზო ფონდი 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩემპიონატს “Gamers8 Festival” ერქმევა და 14 ივლისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება მთავარ აქცენტს eSports-ზე გააკეთებს, ფესტივალი, უფრო ფართო აუდიტორიას მოემსახურება. "Gamers8 Festival"-ზე ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩატარება იგეგმება და ორგანიზატორები მაყურებლებს ჯადოსნურ შოუებსაც ჰპირდებიან.

ტურნირში მონაწილე გუნდების ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, უცნობია ასევე თუ რომელ სახეობებში ჩატარდება ჩემპიონატი, თუმცა ახლო აღმოსავლეთის eSports-ის ორგანიზაციებმა ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს. მათ შორის არიან: Team Falcons, YaLLa Esports და Nigma Galaxy. 

ფესტივალს საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი უმასპინძლებს

ფესტივალის ჩატარების მთავარი ინიციატორი საუდის არაბეთის მთავრობაა. მათ სურთ გეიმინგში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. გასულ წელს საუდის არაბეთის პრინცი global esports federation-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, მალევე მთავრობის მხარდაჭერილმა ჯგუფმა Savvy Gaming Group-მა გეიმინგ ინდუსტრიის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია ESL Gaming და FACEIT იყიდა, ხოლო მთავრობის საჯარო საინვესტიციო ფონდმა (PIF) Nintendo-ს წილი 500 მილიონ დოლარად შეიძინა.   

როგორც ჩანს, საუდის არაბეთში დიდი გეგმები აქვთ. “Gamers8 Festival” ადგილობრივი მთავრობისთვის იმ დიდი პროექტის დასაწყისია, რომელიც eSports-ისა და ტურიზმის თანაბრად განავითარებას გამოიწვევს. ღონისძიების ჩატარება ახლადაშენებულ არენაში იგეგმება, რომელიც დედაქალაქის მთავარ ტურისტულ ბულვარში მდებარეობს.

კომენტარები

ბოლო ამბები