Thumbnail
  • ჯენარო გატუზო ვალენსიას მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს
  • 44 წლის იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ბევრ საკითხზე ისაუბრა

ვალენსიას მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჯენარო გატუზო გაწვრთნის, რომელიც ესპანურმა კლუბმა მედიის წინაშე ოფიციალურად წარადგინა. 44 წლის სპეციალისტმა თითქმის ერთსაათიან პრესკონფერენციაზე ძალიან ბევრ საკითხზე ისაუბრა.

გატუზოს პირადად გიორგი მამარდაშვილი არ უხსენებია, თუმცა, ზოგადად ვალენსიას ფეხბურთელებსა და მათ შესახებ თავის შეხედულებაზე ილაპარაკა. იტალიელმა თავდაპირველად გუნდურ მუშაობას ხაზი გაუსვა:

"დიდი სიამაყე და პატივია ამ დიდი კლუბის მწვრთნელობა. მადლობა პიტერ ლიმს და კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ვიცი, რომ მძიმე და რთული სამუშაო მაქვს, მაგრამ არ მეშინია. მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ როცა გუნდზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ 25 ფეხბურთელს, არამედ 65 ადამიანს, რომლებიც კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ", - თქვა ჯენარომ პრესკონფერენციის დასაწყისში, შემდეგ კი აღნიშნა, რომ კლუბის ბაზაზე უგო გილამონი და ტონი ლატო ნახა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებთან კონტაქტი ჯერ არ ჰქონია.

გატუზომ ვალენსიაში მუშაობა დაიწყო

"არცერთი მათგანისთვის არ დამირეკავს, რადგან მგონია, რომ ყველაზე სწორი ჯერ ოფიციალურ პრეზენტაციაზე გამოსვლა და აქ საუბარი იქნებოდა. ლატო და უგო დურო ბაზაზე დღეს გავიცანი. ვაპირებ, რომ ყველა მოთამაშეს სათითაოდ, პირისპირ დაველაპარაკო, გავიგო მათი სურვილები და განცდები. მინდა, ჩემს გუნდში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის სურვილით შინაგანად ცეცხლი უკიდიათ", - აღნიშნა 44 წლის იტალიელმა, რომელიც ფიქრობს, რომ რადიკალურად განსხვავებული მწვრთნელია იმისგან, როგორი ფეხბურთელიც იყო: "ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყველა მიხვდება ფეხბურთელ და მწვრთნელ გატუზოს შორის განსხვავებას. როცა ვთამაშობდი, მიყვარდა სირბილი, სირბილი და ისევ სირბილი, ახლა კი, როგორც მწვრთნელს მომწონს ტექნიკური ფეხბურთი, ფეხბურთელები, რომლებიც ტვინით თამაშობენ. მიყვარს, როდესაც ჩემი გუნდები ბურთს ფლობენ, უპირატესობა აქვთ და მომწონს, როცა ყველა შეტევას დაცვის ხაზიდან ვიწყებთ".

ჯენაროს არაერთ სახელოვან მწვრთნელთან უმუშავია, მაგრამ ფიქრობს, რომ ყველა მწვრთნელი ინდივიდუალურია და ვინმესგან ყველაფრის დაკოპირება შეუძლებელია: "შედარების გაკეთება ადვილი არაა. შეუძლებელია, რაღაცები დააკოპირო და სხვას დაემსგავსო. ყველა მწვრთნელისგან რაღაც ვისწავლე. ყველა მწვრთნელი, რომელიც მყოლია ერთმანეთისგან განსხვავებული გახლდათ. მაგალითად, ანჩელოტი არ იყო მკაცრი, ლიპი კი პირიქით, ძალიან მკაცრი იყო, თუმცა, ორივესთან ბევრი ტიტული მოვიგე.  მომწონს ფეხბურთელებთან საუბარი, მათი მოსმენა, მაგრამ მოედანზე პროფესიონალიზმს მოვითხოვ. შეიძლება მოედანს მიღმა შეცდომები დაუშვა, იხუმრო, გაიცინო, მაგრამ მინდორზე ყურადღების გაფანტვის უფლება არავის მივცემ, მათ შორის არც ვარჯიშებზე, რადგან სწორედ ვარჯიშებზე დახარჯვით მოდის შედეგები და 2-3 ფეხბურთელის არასათანადო დამოკიდებულებასაც შეუძლია ვარჯიშის პროცესის გაფუჭება, ამიტომ, მოედანზე მხოლოდ პროფესიონალიზმს ვითხოვ".

გატუზო ფეხბურთელებთან მოედანზე ძალიან მომთხოვნი იქნება

გატუზომ ასევე ისაუბრა, ხოსე გაიას, კარლოს სოლერისა და გონსალო გედეშის შესახებ, რომლებმაც შესაძლოა კლუბი დატოვონ, რადგან კონტრაქტები ერთ წელიწადში ეწურებათ: "მათ დაველაპარაკები, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. გასულ სეზონში გატანილი გოლების ნახევარი გედეშსა და სოლერზე მოდის. პიტერ ლიმს ჩემთვის არ უთქვამს, რომ ვინმე აუცილებლად უნდა გაყიდოს და არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მატყუებდა. უბრალოდ ბუნებრივია, როცა ფეხბურთელს, თანაც ასეთი მნიშვნელობის, კონტრაქტი ერთ წელში ეწურება, შეიძლება კლუბმა გაყიდოს, რადგან ერთი წლის მერე მათ უფასოდ დაკარგავს და მოცემულ ფინანსურ კრიზისში, რომელიც ზოგადად მსოფლიო ფეხბურთშია, ეს კარგი არ არის. თუ ისინი წავლენ, ცხადია, სხვა გზა უნდა მოვძებნოთ".

"რინომ" აღიარა, რომ ვალენსიადან პირველად აპრილში დაუკავშირდნენ, თუმცა, პირველად კლუბის წარმომადგენლებს 29 მაისს სინგაპურში შეხვდა: "აპრილში მხოლოდ ერთი კონტაქტი გვქონდა, მაგრამ ვნახე გუნდის 8-10 თამაში და ძალიან მკაფიოდ ვიცი, რისი გაუმჯობესება მინდა. ჩვენ ვსაუბრობთ სამ მოთამაშეზე (სოლერი, გედეში, გაია), მაგრამ გუნდში სხვა ფეხბურთელებიც არიან. გვყავს მაღალი ხარისხის და ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. როგორც ვთქვი, მინდა, გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავდეს, რომლებიც გადმოსცემენ ემოციას, თამაშის სურვილით იწვიან, ისეთები, ვისთვისაც ვალენსიაში თამაში რეალსა და ბარსელონაში თამაშის ტოლფასია. მახსოვს ის საშიში ვალენსია, რომლის წინააღმდეგ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თამაში არასდროს მომიწია, მაგრამ ისეთი მოთამაშეები ჰყავდა, როგორებიც ბარახა, ალბელდა და ანგულო იყვნენ - ფეხბურთელები, რომლებიც ხასიათით მგავდნენ. ეს იყო დიდი მენტალიტეტის გუნდი და მეც სწორედ ასეთი მენტალიტეტის გუნდის აშენება მსურს".

ჯენარო გატუზო ბოლოს ნაპოლის მთავარი მწვრთნელი იყო, საიდანაც ზუსტად 1 წლის წინ დაითხოვეს. "რინო" გასულ ზაფხულს ფიორენტინაში დაინიშნა, მაგრამ ფლორენციული კლუბი 1 კვირაში საკუთარი სურვილით დატოვა. მას ასევე უმუშავია მილანის, შვეიცარიული სიონის, პიზას და ოფი-ს  მთავარ მწვრთნელად. გავიხსენოთ, რომ გატუზოს ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება აქვს - მილანში კახა კალაძის თანაგუნდელი იყო, ხოლო ბერძნულ ოფი-ს როცა წვრთნიდა, მისი შეგირდები გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები