Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა C ლიგის მე-4 ჯგუფის პირველი წრე ტრიუმფით გაიარა - სამივე მატჩი მოიგო 12:2 გოლთა შეფარდებით და 9 ქულით პირველია, რაც გუნდს B ლიგასთან და ევრო 2024-ის პლეი ოფთან აახლოვებს. განსაკუთრებით ეფექტური იყო გამარჯვება სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან - 3:0, რადგან ეს გუნდი ჯგუფის ფავორიტად მიიჩნეოდა. ეს სწორედ ის გუნდია, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, იტალიას კი - მუნდიალზე.

"ევრო 2024-ის გზა ჩვენთვის ჯოჯოხეთად იქცა: საქართველომ მაკედონიაში მოიგო", - ეს მაკედონიური Gol.mk-ის მთავარი სათაურია: "მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ გზა გაირთულა, იმიტომ, რომ შინ 0:3 წააგო საქართველოსთან, რომელიც სამი ტურის შემდეგ უნაკლოდ ლიდერობს".  

ქართველებმა ენეს ბარდის გასაქანი არ მისცეს

"საქართველომ ჩვენი "ბულგარული" ხვრელები ამოავსო", - ეს კი sportmedia.mk-ის სათაურია.

"ჩვენმა გუნდმა ბულგარეთიდან სამი ქულა ვერ წამოიღო, იმ ბულგარეთის ნაკრებს ვერ მოუგო, რომელსაც რაზგრადში საქართველომ 5 გოლი გაუტანა და მეტიც შეეძლო, ხოლო გიბრალტარი ფრეს ეთამაშა. სკოპიეში საქართველოს ძლიერ გუნდთან დამარცხება პირველი ადგილის შანსის დაკარგვის ტოლფასია. მაკედონიის ნაკრებმა ვერ მოახერხა "ფინალის" მოგება მთავარ მეტოქესთან, რომელიც წყნარად ელოდა რევანშის შანსს იმ ჯოჯოხეთისთვის, რაც მას თბილისში მოვუწყეთ მოგებით, რომელიც ჩვენთვის ისტორიული იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ", - წერს sportmedia.mk. 

"ამ მატჩებს მნიშვნელობით არ ვადარებთ, მაგრამ დღეს ძალიან ცუდები ვიყავით. საქართველომ ყველა ჩვენი ხვრელი ამოავსო, რომლებიც უკვე ბულგარეთში თამაშით გამოჩნდა. მაკედონიას კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა, მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და ყველაფერი შეიცვალა. ეს იყო ჩავარდნა უშანსოდ, უიდეოდ, უენერგიოდ, ენთუზიაზმის გარეშე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ გვყავდა ლიდერი, რომელიც გაიხსნებოდა და გოლს გაიტანდა. ეს უნდა იყოს გაკვეთილი, რომელიც მომავალში არ უნდა გამეორდეს. მაკედონიას სახეში სილა საშინელი ძალით გააწნეს", - sportmedia.mk. 

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" მე-4 ტურში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 20:00-ზე დაიწყება, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები სკოპიეში გიბრალტარს დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები