Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის მე-3 ტურში სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონია 3:0 დაამარცხა, 9 ქულით პირველ ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფთან ერთად, B დივიზიონსაც მიუახლოვდა. მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ და გურამ კაშიამ თამაშის შესახებ ისაუბრეს.

გურამ კაშია: "პირველი ტაიმი კარგად ვერ ვითამაშეთ, მეორე ტაიმში ტაქტიკური ცვლილებები დაგვავალა მწვრთნელმა და თავი ძალიან კარგად გავართვით. მეორე ტაიმში უფრო გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, რაც მისასალმებელია. საერთო ჯამში, ძალიან მაგარი კვირა იყო, კმაყოფილები ვართ და ვულოცავთ ქართველ გულშემატკივარს. ძალიან კარგია, რომ გასვლაზე გვახლდნენ და გავახარეთ. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, ძალიან რთული 3 თამაში გვქონდა. 2 დღე გვაქვს მომდევნო მატჩამდე და 12 ქულა უნდა დავაგროვოთ. 10 დღეში 4 თამაშის ჩატარება თითქმის შეუძლებელია და დღეს იმდენად კარგი ემოცია მივიღეთ ამ თამაშიდან, რომ ალბათ კიდევ ერთ თამაშსაც გავძლებთ. რაც მთავარია, ძალები უნდა აღვიდგინოთ, რომ მეოთხე მატჩისთვის 100%-ით მზად ვიყოთ, რადგან ბულგარეთთან მატჩის მოგებით ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების ძალიან დიდი შანსი გვექნება".

ხვიჩა კვარაცხელია: "პირველ რიგში ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, იყო ის ნაპერწკალი, რადგან რაღაც გვაქვს ამ გუნდთან დაკარგული. ამ გამარჯვებით შეიძლება ის ვერ დავიბრუნეთ, მაგრამ ჩემი აზრით, რევანში საჭირო იყო. გავიმარჯვეთ, მივდივართ წინ იმისთვის, რომ დაკარგული დავიბრუნოთ. საქართველოში როცა ვთამაშობთ, დამატებითი მოტივაცია საჭირო არ არის, რადგან ქართველი გულშემატკივარი გვიქმნის მოტივაციას. საოცარი ატმოსფეროს იქმნება და ველოდებით, რომ ბულგარეთთანაც იგივე მოხდება, ჩვენც მოვიგებთ და 4 მატჩიდან 4 გამარჯვება გვექნება მოპოვებული. მართლა გულით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ადამიანები არიან, არა მარტო ვინც ჩამოვიდა, არამედ ვინც სახლიდან გვქომაგობდა. ამხელა გზაზე რომ ჩამოვიდნენ, ჩვენთვის დიდი მოტივაცია იყო და დავუფასეთ კიდეც, მოვიგეთ და 12-ში შევხვდებით კიდევ ერთხელ, რომ გავახაროთ გულშემატკივრებით".

ვილი სანიოლის გუნდმა სამ მატჩში 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. მე-2 ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონიაა 4 ქულით, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს 1 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 12 ივნისს, თბილისში, ბულგარეთთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები