Thumbnail

ერთა ლიგა | საფრანგეთის ნაკრები მოგების გარეშე და ბოლო ადგილზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საფრანგეთმა ერთა ლიგაზე სამ ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა
  • დანიამ საკუთარ მოედანზე ხორვატიასთან წააგო

ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფში ასპარეზობა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ტურნირის დაწყების წინ ჯგუფის უდავო ფავორიტი, ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი იყო, თუმცა, ჯგუფური ეტაპის ნახევარი მიილია და "სამფეროვნები" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებენ!

საფრანგეთმა ჯერ შინ დანიასთან წააგო, მერე სტუმრად ხორვატიას ვერ მოუგო, ხოლო ამჯერად, ვენაში, ვერც ავსტრიის ნაკრები დაამარცხა. უფრო მეტიც, ძალიან ახლოს იყო მარცხთან.

რალფ რანგნიკის გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს ანდრეას ვეიმანმა დააწინაურა და ავსტრიელები უპირატესობას 83-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა, კილიან მბაპემ, რომელიც მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა, საფრანგეთის ნაკრები მარცხისგან იხსნა.

მბაპემ ნაკრებში ბოლო 7 მატჩში 10 გოლი გაიტანა

ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანიის ნაკრები ხორვატიას დაუხვდა და 0:1 წააგო. ხორვატებისთვის ეს მიმდინარე ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება იყო. ზლატკო დალიჩის გუნდს 3 ქულა მარიო პაშალიჩმა მოუტანა.

პირველი წრის შემდეგ პირველ ჯგუფს 6 ქულით დანია ლიდერობს, რომელსაც კვალში ავსტრია და ხორვატია უდგანან (4-4 ქულა), ხოლო საფრანგეთი 2 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

ავსტრია 1:1 საფრანგეთი

გოლები: 1:0 ვეიმანი (37), 1:1 მბაპე (83)

დანია 0:1 ხორვატია

გოლი: 0:1 პაშალიჩი (69)

კომენტარები

ბოლო ამბები