Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 97:107 გოლდენ სტეიტ უორიორსი 
  • ფინალურ სერიაში ანგარიში მეორედ გათანაბრდა - 2-2
  • სტეფ კარიმ 43 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა
  • დრეიმონდ გრინს მოედანზე დედამისიც ვერ ცნობს

NBA-ს სუპერფინალურ სერიაში ანგარიში ისევ გათანაბრდა. სერიის მე-4 დაპირისპირებაში, რომელიც ისევ ბოსტონში გაიმართა, გოლდენ სტეიტ უორიორსმა სტეფ კარის შედეგიანი თამაშის წყალობით შეძლო გამარჯვება და მეხუთე, საშინაო დაპირისპირების წინ ხასიათი გამოიკეთა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მის დასრულებამდე ოთხნახევარი წუთით ადრე სტუმრები 2 ქულით ჩამორჩებოდნენ, მაგრამ კლეი ტომპსონისა და სტეფ კარის შორეული ტყორცნებისა და ფარქვეშ კევონ ლუნის შედეგიანი მოქმედების წყალობით, უორიორსმა მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

უორიორსში ორმაგი დუბლი ჰქონდა ენდრიუ უიგინსსაც - 17 ქულა, 16 მოხსნა

სტეფ კარიმ თამაში 43 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. მან 14-იდან 7 სამქულიანი ჩააგდო, თამაშიდან შესრულებული 26 ტყორცნიდან კი 14 გამოიყენა. კარი გახდა მესამე კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, მაიკლ ჯორდანისა და ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, რომელმაც ფინალური სერიის მატჩში 40 და მეტი ქულა 34 წლის და უფროს ასაკში მიითვალა. 

"მნიშვნელოვანი იყო სტუმრად მოგება, რათა საკუთარი მოედნის უპრატესობა დაგვებრუნებინა. მძიმე გამარჯვება იყო. მოედანზე იმაზე ფიქრით გავედი, რომ ყველასთვის უნდა შეგვეხსენებინა ჩვენი არსებობა - ჩვენი გუნდისთვის, სელტიკსის გულშემატკივრებისა თუ კალათბურელებისთვის. ყველასთვის, ვისაც ჩვენი ენერგიისა და სურვილის ნახვა სურდა. ამან მოგვცა ძალა", - თქვა 34 წლის გამთამაშებელმა თამაშის შემდეგ. 

დრეიმონდი ზედიზედ მეორე მატჩია მხოლოდ 2 ქულას ითვლის

მოლოდინს ისევ ვერ ამართლებს გოლდენ სტეიტის ფორვარდი დრეიმონდ გრინი. ფინალური სერიის ოთხ მატჩში, გრინს ანგარიშზე უფრო მეტი ფოლი აქვს, ვიდრე ქულა (17 ქულა, 18 ფოლი). ბოლო დაპირისპირებაშიც, დრეიმონდმა მოედანზე გატარებულ 33 წუთში თაშიდან 7-ჯერ ისროლა, მხოლოდ ერთხელ ჩააგდო და 2 ქულა მიითვალა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გრინის უფერული თამაშის გამო კომენტარის გაკეთება მის დედას, მერი ბეიბერსს მოუხდა. 

"ხალხნო, გთხოვთ, ნუღარ მეკითხებით, რა სჭირს დრეის… არ ვიცი! შესაძლოა, ეს მისი კლონია. მის თავს რაღაც ხდება. სად არის ის გრეი, რომელიც აქამდე მოსვლაში დაგვეხმარა?! მას ვერც მე ვხედავ", - დაწერა მერი ბეიბერსმა ტვიტერში.

ბოსტონში ყველაზე შედეგიანი ჯეისონ ტეიტუმი იყო - 23 ქულა, 11 მოხსნა  

სერიის მეხუთე დაპირისპირება, რომელშიც მასპინძელი გოლდენ სტეიტ უორიორსი იქნება, 14 ივნისს გაიმართება. ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები