Thumbnail

'ბაიერნის დატოვება მინდოდა' - კიმიხმა ანჩელოტისთან უთანხმოებაზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იოზუა კიმიხმა წარსული გაიხსენა და არ დამალა, რომ ბაიერნიდან წასვლაზე ფიქრობდა
  • 27 წლის გერმანელი ფიქრობს, რომ კარლო ანჩელოტისთან მუშაობა რთული იყო

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა გაიხსენა, რომ თავის დროზე კლუბის დატოვებას აპირებდა. 27 წლის გერმანელს ეს ფიქრები მაშინ გაუჩნდა, როდესაც "რეკორდმაისტერს" კარლო ანჩელოტი წვრთნიდა და მას მუდმივად არ ენდობოდა.

"იმ პერიოდში ბევრი სათამაშო დრო არ მქონდა, ყოველ შემთხვევაში იმდენი, რამდენიც მსურდა და წარმომედგინა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კლუბიდან წასვლაზე ვფიქრობდი, თუმცა შემდეგ ანჩელოტი წავიდა, ჩვენ კი ყველაფერი მოვიგეთ და ამის შემდეგ ბაიერნიდან წასვლის საკითხი ჩემს დღის წესრიგში არ დამდგარა", - თქვა გერმანელმა, რომელიც მიუნხენური გრანდის ერთ-ერთი ლიდერია.

კიმიხისთვის ანჩელოტისთან მუშაობა არაკომფორტული იყო

მიუხედავად ამისა, კიმიხი არ გამორიცხავს, რომ მომავალში კარიერა უცხოეთში გააგრძელოს. მისი თქმით, ეს საინტერესო გამოწვევა იქნება: "საინტერესო იქნება უცხოეთში თამაში. რამდენიმე წელიწადში რა მოხდება არ ვიცი, ვნახოთ. ახლა აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ კარიერაში პირად გამოწვევებზე ყოველთვის ვფიქრობ".

შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხი შტუტგარტის აკადემიის აღზრდილია, პროფესიონალურ დონეზე კი მისი პირველი კლუბი ლაიპციგი იყო. 2015 წელს ის ბაიერნში გადავიდა, რომლის მაისურით დღემდე 298 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ ყველაზე შედეგიანი სეზონი კიმიხს სწორედ მაშინ ჰქონდა, როცა გუნდს ანჩელოტი ავარჯიშებდა. 2016/17 წლების სეზონი მან 9 გოლით დაასრულა, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები