Thumbnail

ვილი სანიოლი: ჩვენი ამბიციებიდან გამომდინარე, იმედგაცრუებულები ვართ

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მეოთხე მატჩის მოგება ვეღარ მოახერხა, თუმცა კი, წაუგებელი სერიის გაგრძელება შესძლო. ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთთან საშინაო მატჩში სოლიდურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დასკვნით მომენტებში ვერ ივარგა და უგოლო ფრეს დასჯერდა. საქართველოს 4 ტურის თავზე 10 ქულა აქვს და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფთანა და ერთა ლიგის B ჯგუფთან მაინც ძალიან ახლოსაა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): 

...მატჩისა და ივნისის ციკლის შეფასება: ბოლო 2 კვირის შეჯამება რომ გავაკეთოთ, ძალიან დადებითი იქნება. 4 წაუგებელი მატჩი გვქონდა, თუმცა დღეს ცოტა იმედგაცრუებულები ვართ და ესეც საკუთარი ამბიციებიდან გამომდინარე. ალბათ, 1 თვის წინ ამ პერიოდში 10 ქულის მოპოვებას არავინ ელოდა. კოსოვოსთან გასვლითი მატჩის შემდეგ 9 წაუგებელი შეხვედრა ჩავატარეთ, 7-ჯერ კარი მშრალად შევინახეთ და ეს კარგ შედეგად მიმაჩნია. ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ. ფეხბურთელებისგან ბევრს ვითხოვ და მიხარია, რომ მათგანაც ბევრი მივიღე. გონებაში ჩვენი ნაკრებისა და ფეხბურთელების მიმართ მხოლოდ პოზიტიური ფიქრები მომდის.

...ცვლილებებზე ბულგარეთთან მატჩში: ზოგჯერ მწვრთნელი მატჩის დროს ორ ცვლილებას აკეთებს, ზოგჯერ სამს, ზოგჯერ ხუთს, ყველაფერი არჩევანის შედეგია. კაკაბაძე იმიტომ არ გამოვიყვანე, რომ ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგზე ძალიან აქტიური იყო და ვიფიქრე, რომ მისი შემოსვლა საჭირო არ გახლდათ. რას ვიზამთ, ზოგჯერ შენი გადაწყვეტილებები მუშაობს, ზოგჯერ – არა.

...დაცვითი ხაზის თამაშზე: ულგარეთის წინააღმდეგ 90 წუთი ისე ჩავატარეთ, რომ მეტოქეს 1 რეალური შანსიც არ ჰქონია. ამიტომ, ჩვენი დაცვის თამაშის მიმართ კითხვების არსებობა არ მესმის. ინტენსივობა, რაც ბოლო მატჩებში ვაჩვენეთ, სხვა დიდი გუნდების მაჩვენებლებზე ნაკლები არ არის და ეს რეალობაა. ცხადია, როდესაც შემადგენლობაში 3-5 ცვლილებას აკეთებ, ცოტათი მობილურობას კარგავ. მაგრამ, ეს ცვლილებები საჭირო იყო.

ვილი სანიოლი ბულგარეთთან მატჩში

...პრობლემებზე დამასრულებელ ფაზაში: დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი პრობლემა მხოლოდ დამასრულებელი ფაზა არ ყოფილა. თავიდან ბურთს სწრაფად ვათამაშებდით, თუმცა რაც დრო გადიოდა, ბურთის სიჩქარე იკლებდა. მოედანზე ოთარ კიტეიშვილი სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შემოვიყვანე. მიმაჩნია, რომ მატჩში ბურთის მოძრაობის სისწრაფეც გასათვალისწინებელი ფაქტორი იყო.

...შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებზე: წიტაიშვილი მარჯვენა შემტევად შემოვიდა, ხოლო დავითაშვილისა და კიტეიშვილის გამოჩენის შემდეგ სისტემა შევცვალეთ, რადგან ცენტრში ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავდა. მიმაჩნია, რომ წიტაიშვილისთვის პოზიციის შეცვლას სისტემის არევა არ გამოუწვევია. გავიმეორებ, დღეს ჩვენ ენერგია დაგვაკლდა. მაგრამ აღვნიშნავ, 4 მატჩში 10 ქულა მოვიპოვეთ და ძალიან კარგი მატჩები ჩავატარეთ. ბიჭებმა დიდი სიამოვნება მიიღეს, სტადიონი სავსე იყო, რის გამოც გულშემატკივრებს მადლობას გადავუხდი. ჩვენი გუნდი სექტემბერში დაბრუნდება და დარწმუნებული ვარ, როცა გუნდი მოედანზე დასვენებული გამოვა, გულშემატკივრებს კიდევ გაახარებს.

...რა დაგვაკლდა ზედიზედ მე-4 მოგებამდე: ყველაფრის მიუხედავად, გოლის გასატანად მაინც ბევრი შანსი გვქონდა. მათმა მეკარემ კარგი შეხვედრა ჩაატარა. იყო ეპიზოდი პირველ ტაიმში, როცა მსაჯმა ხვიჩას წაქცევისას პენალტი არ დანიშნა. იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ყურები არ ჩამოგვიყრია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს მეტს ვთხოვთ. მიმაჩნია, რომ ფიზიკური ძალა დაგვაკლდა, რაც გასაკვირიც არ იყო, ბოლოს აშკარად “საწვავი გაგვითავდა”. 2 კვირის წინ თუ ვიტყოდით, რომ 4 მატჩის შემდეგ 10 ქულას ავიღებდით და უკმაყოფილება დაგვრჩებოდა, ამას, ალბათ ყველა ხელს მოვაწერდით. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო შეკრების პირობებში არსებულ სისუსტეებს უფრო მეტად გამოვასწორებთ.

...ნაკრების საუკეთესო თერთმეტეულზე: მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან? 4 მატჩში ერთი და იმავე შემადგენლობით ვერ ვითამაშებდით. როგორც ნებისმიერ მწვრთნელს, მეც საუკეთესო 11 გონებაში სულ მაქვს, მაგრამ მუდმივად ამ შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ. ხან ტრავმები გვიშლის ხელს, ხან დასვენებაა საჭირო. პოზიტიურია ის, რომ ამ ცვლილებების მიუხედავად საკუთარი იდენტობა არ დაგვიკარგავს. არსებულ კონკურენციაში, ზოგიერთმა ფეხბურთელმა თავი სხვაზე უკეთ წარმოაჩინა. თუმცა, გუნდში მყოფი 29 მოთამაშით მე სრულად კმაყოფილი ვარ.

როგორც აღვნიშნეთ, C ლიგის მე-4 ჯგუფს 10 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს, მე-2 ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას 7 ქულა აქვს, ბულგარეთს კი - 3. მომდევნო ტურში, 23 სექტემბერს, სწორედ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები