Thumbnail

5 ცვლილება ოფიციალურად დაკანონდა - სიახლეები ფეხბურთის წესებში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შესაძლოა, მალე აუტიდან ბურთი ფეხით მოაწოდონ
  • საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებები

საფეხბურთო წესებში მორიგი ცვლილებები შევიდა. კატარის დედაქალაქ დოჰაში საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) სხდომაზე უკვე სამუდამო სახე მისცეს წესს 5 ცვლილების შესახებ. ის 2020 წლის ივლისში კორონავირუსის პანდემიის გამო შემოიღეს, ახლა კი, საბოლოოდ დაკანონდა.

ამასთან, ისევ იმოქმედებს შეზღუდვა: გუნდებს 5 ცვლილების გადანაწილება სამ სლოტზე ანაც შესვენებაზე მოუწევთ. გაიზარდა სათადარიგო სკამზე დაშვებული ფეხბურთელების მაქსიმალური რაოდენობაც: 12-დან 15-მდე ტურნირების ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით.

ამას გარდა, სხდომაზე მსაჯების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებმა. მათი წინადადებაა, რომ არბიტრებს მაისურზე კამერები დაუმაგრდეთ, რათა მათსა და ფეხბურთელებს შორის მომხდარი შესაძლო კონფლიქტების არსი ყველასთვის გასაგები იყოს.

კატარშივე განიხილეს ტვინის შერყევის გამო შესაძლო ცვლილებების შემოღებაც და გადაწყდა, რომ პროცესს 2023 წლამდე დააკვირდებიან. იგივე დათქმა შეეხო ოფსაიდის ალტერნატიული წესის დანერგვასაც. 

ითქვა ისიც, რომ განიხილება სხვა სიახლეებიც. მაგალითად, მსაჯების მიერ საკამათო გადაწყვეტილებების თამაშის მიმდინარეობის დროსვე ახსნა, სათამაშო დროის უფრო ზუსტად დათვლისა და აუტიდან ბურთის ფეხით შეყვანის საკითხები. ფიფა და IFAB აღნიშნულ ნოვაციებზე ერთობლივად იმსჯელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები