- გოლდენ სტეიტ უორიორსი 104:94 ბოსტონ სელტიკსი
- სტეფ კარიმ ერთი სამქულიანიც კი ვერ ჩააგდო
- გოლდენ სტეიტის გმირი ენდრიუ უიგინსი იყო
- ბოსტონს ჯამში 18 დაკარგვა ჰქონდა
გოლდენ სტეიტს მორიგ ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი მოგება აშორებს!
NBA-ს სუპერფინალური სერიის მეხუთე მატჩში სტეფ კარიმ ბევრი ვერაფერი მოახერხა, მაგრამ სამაგიეროდ, ენდრიუ უიგინსმა “იფრინა” და მიუხედავად რიგი ცუდი ფაზებისა, გოლდენ სტეიტმა ბოსტონი 104:94 დაამარცხა. შედეგად, უორიორსი სელტიკთან სერიაში წინ გავიდა: 3:2.
კარიმ მხოლოდ 16 ქულა დააგროვა (7/22, 0/9 სამქულიანი) და 8 ასისტი შეასრულა. უიგინსის ანგარიშზე კი 26 ქულაა (12/23) და 13 მოხსნაც, ანუ მძლავრი ორმაგი დუბლი. გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში ის საუკეთესო იყო და თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ უორიორსის გამარჯვების მთავარი შემოქმედი. კლეი ტომპსონსაც ჰქონდა ძალიან კარგი ფაზები (21 ქულა, 5/11 სამქულიანი). ამჯერად შედარებით უკეთესი გახლდათ დრეიმონდ გრინი (8 ქულა, 3/6, 8 მოხსნა, 7 ასისტი), თუმცა ბოლო 3 წუთი ჯარიმების გამო აღარ უთამაშია.

ბოსტონიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო (27 ქულა, 10/20, 10 მოხსნა), მაგრამ მეოთხე პერიოდში გამოიფიტა. ჯეილენ ბრაუნს (18 ქულა, 5/18, 9 მოხსნა, 5 დაკარგვა) და მარკუს სმარტს (20 ქულა, 7/15, 4 დაკარგვა) ზედმეტად ბევრი დაკარგვები ჰქონდათ. ამ მხრივ მათ თამაშს კატასტროფული შეიძლება ეწოდოს. ეს განსაკუთრებით ბოლო მეოთხედს ეხება, რომელიც სელტიკსმა 20:29 დათმო.
რას დავაკვირდით
🏀 პირველი ტაიმი ბოსტონმა სუსტად ჩაატარა. ძველმა პრობლემებმა იჩინა თავი. სელტიკსის 9 დაკარგვამ გოლდენ სტეიტს 13 ქულა მოუტანა. პლუს ამას, ბოსტონის 9 საჯარიმოდან მხოლოდ 4 ჩავარდა. სტუმრებს ვერც სამქულიანებში ჰქონდათ საქმე კარგად - პირველი 12 გააფუჭეს და დიდ შესვენებამდე მხოლოდ ბოლო 3 ჩააგდეს. თუმცაღა, ამ მხრივ არც უორიორსს ჰქონდა საქმე გაცილებით უკეთ: 24 წუთის შემდეგ გოლდენ სტეიტის სამქულიანებიდან მხოლოდ 18 პროცენტი იყო ჩავარდნილი.
🏀 სტეფ კარიმ ამ თამაშში 1 სამქულიანიც კი ვერ ჩააგდო და ეს ისტორიული ამბავია, რადგან კარის პლეი ოფში ასეთი რამ არასდროს მოსვლია. სტეფი ზედიზედ 132 საპლეიოფო მატჩში მინიმუმ 1 სამიანს მაინც აგდებდა ხოლმე და ხვდებით, რა სერია შეწყვიტა? სხვათა შორის, მეორე ადგილზე ამ მხრივ კლეი ტომპსონია - მხოლოდ ზედიზედ 54 მატჩით, რომლებშიც მინიმუმ ერთ სამიანს აგდებდა.
🏀 შეწყდა სტეფ კარის კიდევ ერთი სერია: რეგულარულ სეზონსაც თუ მივათვლით, გოლდენ სტეიტის 34 წლის სუპერვარსკვლავს ზედიზედ 233 ისეთი თამაში ჰქონდა, სადაც მინიმუმ 1 სამქულიანს მაინც აგდებდა.
🏀 ბოსტონს სკამიდანაც უჭირდა. მართალია, გრანტ უილიამსს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა (მაგალითად, კარის სამქულიანი დაუფარა), მაგრამ სულ ეს იყო. სელტიკსის სამმა რეზერვისტმა ჯამში 4 ქულა აიღო (1/9) და ეს ყველაფერი 42-წუთიან თამაშში. გოლდენ სტეიტში კი პული (14 ქულა) და პეიტონ II (15) კარგები იყვნენ.
🏀 კიდევ ერთი სტატისტიკა ბოსტონის დაკარგვების პრობლემებთან დაკავშირებით: როცა სელტიკსს თამაშში მაქსიმუმ 15 დაკარგვა ჰქონდა, პლეი ოფში 16-დან 14 მატჩი მოიგო. ხოლო როდესაც დაკარგვების რაოდენობა 15-ზე მეტია, შვიდივე თამაში წაგებული აქვს. ამ მატჩში ბოსტონელებს 18 დაკარგვა ჰქონდათ.
🏀 …და გოლდენ სტეიტი? უორიორსს ამ მატჩში მხოლოდ 6 დაკარგვა ჰქონდა და არცერთი ბოლო მეოთხედში.
ალ ჰორფორდი (ბოსტონ სელტიკსი): “ზურგით კედელთან ვართ მიყენებულები. ახლა საკუთარ თავებს თვალებში ღრმად უნდა ჩავხედოთ, რადგან ხვალინდელი დღე აღარ იარსებებს. მომდევნო მატჩში გამოჩნდება, ვინ ვართ და რა შეგვიძლია.”
სტივ კერი (გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელი): “ვფიქრობ, სტეფს ადრე თუ გვიან ექნებოდა ასეთი თამაში. ბოლო შეხვედრებში იმდენად კარგი იყო და იმდენს აგდებდა, ჩავარდნა უნდა ჰქონოდა, ეს ლოგიკურია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს, სტეფის ჩავარდნის შემდეგ რომ იქნება ის მე-6 თამაში, რომლის მოგების შემთხვევაშიც ჩემპიონები ვხდებით.”
NBA-ს ფინალების მე-6 მატჩი პარასკევს, 17 ივნისს გაიმართება. მოგების შემთხვევაში გოლდენ სტეიტი ჩემპიონი ხდება, ხოლო თუ სელტიკსმა მოიგო, მეშვიდე მატჩი დაინიშნება.
კომენტარები