- ლუკა მოდრიჩმა კილიან მბაპეს მაისური სთხოვა
- მადრიდში ეს ამბავი ძალიან არ მოეწონათ
მადრიდის რეალის გულშემატკივრების თვეების მანძილზე იმედი ჰქონდათ, რომ კილიან მბაპე მათ საყვარელ გუნდში გადავიდოდა. დღეში რამდენჯერმე ამოწმებდნენ სპორტულ ვებგვერდებს და ტრანსფერის დადასტურებას ელოდებოდნენ. მბაპე რეალს დღითიდღე უახლოვდებოდა. მაგრამ ბოლოს ყველაფერი სხვანაირად მოხდა: ფრანგი ფეხბურთელის ვითომდა “კი” “არად” გადაიქცა და მბაპე პარი სენ-ჟერმენში დარჩა. რეალის ხელმძღვანელებისთვის და გულშემატკივრებისთვის ეს უდიდესი იმედგაცრუება იყო.
შესაბამისად ლოგიკურია, რომ რეალის ფანები ახლა მბაპეზე ან საერთოდ არ ლაპარაკობენ, ან მხოლოდ ცუდად. წუხელ მომხდარი ფაქტის შემდეგ კი სრულიად რეალის საზოგადოება აღშფოთებულია.
საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრები გუნდების მატჩის (0:1) დასრულების შემდეგ ლუკა მოდრიჩმა კილიან მბაპეს მაისური სთხოვა. უფრო გასაგებად: რეალის ლეგენდამ მაისური სთხოვა ახალგაზრდა მბაპეს, რომელსაც რეალში და მის გარშემო ახლა ვერავინ იტანს. და იმწამსვე მიიღო.
სოციალურ ქსელებში რეალის ფანებმა და სხვადასხვა ექსპერტებმა დიდი ამბავი ატეხეს. მათი აზრით, თუკი ამ ორიდან რომელიმე მეორეს მაისურს უნდა სთხოვდეს, პირველ რიგში მბაპე მოდრიჩს და არა პირიქით.
ესპანურ ტელევიზიაში ჟურნალისტი ხოსეპ პედრეროლი საერთოდ შეიშალა - ვერაფრით იჯერებდა, რომ მოდრიჩმა მართლაც სთხოვა მბაპეს მაისური. იმეორებდა, ხორვატმა დაუწერელი კანონი დაარღვიაო.
“იცით, რომ მბაპემ ყველა მადრიდელს დასცინა? და მოდრიჩი, რეალის ლიდერი მას მაისურს ეხვეწება? არ ფიქრობთ, რომ ეს საშინელებაა?” - თქვა მან El Chiringuito-ს გადაცემაში. შოუში რეალის ყოფილი ვარსკვლავი გუტიც იყო მიწვეული, რომელიც ჟურნალისტს აშკარად არ ეთანხმდებოდა და ერთხელ ირონიული რეპლიკაც ჰქონდა, ახლა ეგ მაისური ალბათ უნდა დავწვათო...
მოკლედ, მბაპე რეალში არ გადავიდა, მაგრამ მათი ამბავი კიდევ დიდხანს არ დასრულდება…
კომენტარები