Thumbnail
  • 'პლეი ოფში უნდა გავიდეთ, იქ კი ნებისმიერთან მოგება შეიძლება'
  • გოგა ბითაძის ინტერვიუ ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს და იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებული ევრობასკეტი ქართული კალათბურთისთვის ისტორიული გამოდგება. ინდიანა პეისერსის ახალგაზრდა ცენტრმა ისიც დაადასტურა, რომ ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩებშიც დაეხმარება.

“გოგა ბითაძეს სჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს ხმაურის გამოწვევა შეუძლია 2022 წლის ევობასკეტზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც (ისტორიაში პირველად) მისი ქვეყანა იქნება. საქართველოს დედაქალაქი თბილისი იმ ოთხ ქალაქს შორისაა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს მიიღებენ, ამდენად, ბითაძე მოახლოებულ შეხვედრებს მოუთმენლად ელის.

“ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად გამორჩეული მოვლენაა. აქამდე, ევრობასკეტისთვის არასდროს გვიმასპინძლია, ასე რომ, აღნიშნული ფანტასტიკური ამბავი იქნება, როგორც კალათბურთელებისთვის, ასევე - სრულიად საქართველოსთვის. ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თანამემამულეებმა ჩვენით იამაყონ. ნამდვილად გაგვაჩნია პოტენციალია და ნიჭი, რათა ბევრ ძლიერ ნაკრებს ვაჯობოთ. ამის მტკიცედ მჯერა და ერთი სული მაქვს, ტურნირი როდის დაიწყება. ეს, ყველასთვის დიდი გამოცდილება იქნება”.

გოგამ ინდიანა პეისერსში მე-3 სეზონი დაასრულა და ახლა, შეუძლია, სრულად სანაკრებო ბატალიებზე გადაერთოს. დიდ ტურნირზე შინაური კედლების წინაშე თამაში დამატებითი მოტივაციაა. 22 წლის კალათბურთელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრებს ქომაგებისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება.

გოგა ბითაძე 2018 წელს ისრაელთან მოგებულ მატჩში

“ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება ბევრი მატჩის მოგებაა, რაშიც ქართველი გულშემატკივარიც უნდა დაგვეხმაროს. ეს ნადვილად იქნება X-ფაქტორი. ვიცი, რომ მათი გვერდში დგომა ძალიან დაგვეხმარება. თუკი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას შევძლებთ, შინ ნამდვილად ყველას დამარცხება შეგვიძლია და თუ პლეი ოფში გავედით, უშანსოდ იქაც არ ვიქნებით, რადგანაც ამ ეტაპზე უკვე ყველას ყველასთან გამარჯვება შეუძლია”.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი 2011 წელს ჰქონდა და ახლა, ზედიზედ მე-5 ტურნირისთვის ემზადება, სადაც უკვე ერთ-ერთი მასპინძლის რანგში მოხვდა. ქართველი კალათბურთელების საუკეთესო შედეგი – მე-11 ადგილი სწორედ 2011 წლის ტურნირს უკავშირდება და მათ ჯერაც არ მოუგიათ რომელიმე ჩემპიონატზე ორ მატჩზე მეტი.

დიდი შანსია, რომ ეს სტატისტიკა სწორედ ამ ზაფხულს შეიცვალოს, მითუმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა და პლეი ოფში თამაში მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. სხვა საქმეა, რომ ეს იოლი ნამდვილად არ იქნება. A ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის გარდა, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი და მონტენეგრო ითამაშებენ.

“ნამდვილად რთული ჯგუფია. ყველა ნაკრები კონკურენტუნარიანია და საერთოდაც ამ რანგის ტურნირებზე სუსტი გუნდები აღარ არსებობენ. ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე NBA-ს ბევრ კალათბურთელს ვიხილავთ და ეს, ნამდვილად ყველასთვის დიდი გამოწვევა იქნება. ყველაფრის გაღებას ვაპირებთ, რათა შეჯიბრზე რაც შეიძლება წინ წავიდეთ. ჩემი აზრით, უკვე ჯგუფურ ეტაპზე ძლიერ მეტოქეებთან თამაში კარგიც არის, რადგანაც შემდეგი რაუნდისთვის უკეთ მოვემზადებით. თავიდანვე ხვდები, რა წინააღმდეგობის დაძლევა მოგიწევს და სირთულეებისაც აღარ გეშინია”.

'შერმადინისა და შენგელიას დარი გამოცდილი მოთამაშეების ნაკრებში ყოფნა დიდი ბონუსია'

ბითაძემ ევრობასკეტი 2017 ტრავმის გამო გამოტოვა, ახლანდელ საქართველოს ნაკრებში მისი ჩართვა კი კიდევ უფრო გააძლიერებს ისედაც გამორჩეულ წინა ხაზს.

“ცხადია, რომ გუნდის სიმაღლეს დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრებში ამ მხრივ მართლაც კარგი სიტუაციაა. სანდრო მამუკელაშვილს, თოკო შენგელიას, გიორგი შერმადინსა და მე დიდი სამუშაოს გაწევა შეგვიძლია. ფარის დაცვაც შეგვიძლია, მოხსნებზე მუშაობაც და სროლაც. ამას გარდა, ჩვენს მცველებსაც კარგი სროლა აქვთ, ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილს კი მაგრად დაცვაც ეხერხება. ვფიქრობ, ტალანტისა და გამოცდილების კარგი ნაზავი გვაქვს. ამ შემთხვევაში, გიორგისა და თოკოს ვგულისხმობ. გუნდში ასეთი კალათბურთელების ყოფნა ნამდვილად დიდი ბონუსია”.

ევრობასკეტამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანია წარმატებული სვლა განაგრძოს მისთვის ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისკენ. ქართველმა კალათბურთელებმა საკვალიფიკაციო ციკლი კარგად დაიწყეს და ბითაძეს იმედი აქვს, რომ ისიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალი ფანჯრის დროს, რომელიც სტარტს 30 ივნისიდან აიღებს.

“ყოველთვის, როდესაც ამის შანსი მაქვს, ვცდილობ, ჩემს ქვეყანას დავეხმარო. ჩემი ოცნებაა, რაც შეიძლება მეტ სანაკრებო ტურნირზე ვითამაშო, იქნება ეს ევრობასკეტი, მსოფლიოს ჩემპიონატი თუ ოლიმპიური თამაშები. სწორედ ამიტომ, თუკი ამის შანსია, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს არასდროს ვამბობ. მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლითა და აგვისტოში დაგეგმილი კიდევ 2 მატჩის წყალობით, საშუალება გვეძლევა, ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უკეთ მომზადებულები შევხვდეთ”.

ქართველი ქომაგების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ექნება

შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპირველობა 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და თბილისის გარდა, მასპინძელი ქალაქები პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (ორივე – გერმანია) და მილანი (იტალია) არიან. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს.

ქართველი კალათბურთელები A ჯგუფში მოხვდნენ და ესპანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ბულგარეთსა და ბელგიას უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლს, აქ საქართველო G ჯგუფშია და 4-დან 3 მატჩი აქვს მოგებული: 88:83 – უკრაინასთან, 61:89 – ესპანეთთან და 91:70 და 79:65 – ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ილიას ზუროსის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური ჯიბეში აქვს, თუმცა, იქ რაც შეიძლება მეტი მოგებით გადასვლასაც მნიშვნელობა აქვს, ამდენად, ორ დარჩენილ შეხვედრასაც დიდი წონა აქვს. შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს საქართველო ლატვიაში უკრაინას შეხვდება, 4-ში კი ესპანეთს დაუხვდება.

A dark horse this summer? 🤔💡 Can Goga Bitadze and Georgia 🇬🇪 go and surprise everyone in #EuroBasket 2022? 📝 https://bit.ly/GogaEuroBasket

Posted by FIBA EuroBasket on Tuesday, June 14, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები