Thumbnail
  • ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 16 მონაწილიდან 12 ცნობილია
  • მონაწილეთა სია შთამბეჭდავია, დანარჩენი 4 ნაკრები კი სექტემბერში გაირკვევა
  • საქართველოში ორი ჯგუფის მატჩები გაიმართება, ასევე პლეი ოფის ნაწილი და ფინალი

ზუსტად წელიწადი რჩება ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელიც როგორც არასდროს, ისეა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მიზეზი მარტივია - ტურნირის თანამასპინძელი რუმინეთთან ერთად საქართველოა. ამდენად, U21-ის 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ამბები ჩვენთვის ნამდვილად საინტერესოა.

დღეს დასრულდა საკვალიფიკაციო ეტაპი, რის შედეგადაც ევროპის ჩემპიონატის 16 მონაწილიდან 12 საბოლოოდ ცნობილია. დარჩენილი 4 გუნდი მოგვიანებით პლეი ოფით გაირკვევა, რომლის მონაწილე 8 გუნდიც გარკვეულია.

ტურნირის მასპინძლების, საქართველოსა და რუმინეთის გარდა, ცნობილია კიდევ 10 ნაკრები, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ითამაშეს და შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს (9 ჯგუფის პირველადგილოსანი და საუკეთესო მეორეადგილოსანი).

ესეც იმ 12 ნაკრების სია, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ:
საქართველო, რუმინეთი, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ინგლისი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია (საუკეთესო მეორეადგილოსანი).

დარჩენილი 4 საგზურის მფლობელის ვინაობას 8 გუნდი, რომლებმაც ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს, პლეი ოფის გზით გაარკვევენ. პლეი ოფის წილისყრა 21 ივნისს ნიონში გაიმართება, 8 ნაკრები 4 წყვილად დაწყვილდება და შინ/სტუმრად თამაშის პრინციპით ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე გავლენ. პლეი ოფის შეხვედრები 19-27 სექტემბერს გაიმართება. ამგვარად, ყველა მონაწილეც 27 სექტემბერს იქნება ცნობილი.

პლეი ოფში ეს 8 გუნდი ითამაშებს:
უკრაინა, ხორვატია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ირლანდია, დანია, ისრაელი და ისლანდია.

ევრო 2023-ის ფინალი ბათუმში გაიმართება

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 18 ოქტომბერს, ბუქარესტში ჩატარდება და დაზუსტდება, რომელი ნაკრებები ითამაშებენ საქართველოში (ოთხი ჯგუფიდან ორს საქართველო უმასპინძლებს, ორს - რუმინეთი).

ამგვარად, საქართველოში ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ჩამოვა. თავის მხრივ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებიც ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს. ასაკით ტურნირზე თამაშის უფლება ექნებათ უკვე ეროვნული ნაკრების წევრებს - ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილს, ირაკლი აზაროვს, ანზორ მექვაბიშვილს, ზურიკო დავითაშვილს, გიორგი წიტაიშვილს, გიორგი მიქაუტაძეს. გავიხსენოთ ისიც, რომ რამაზ სვანაძის გუნდს ამჟამად 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 1 ფრე).

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 9 ივნისს ბუქარესტში დაიწყება და 2 ივლისს, ბათუმში ფინალური მატჩით დასრულდება. ბათუმის გარდა, მატჩები თბილისში (დინამო არენასა და მიხეილ მესხზე) და ქუთაისში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები