Thumbnail

ერთი დარტყმით გათიშა - 57 წლის ჯულიუს ფრენსისის ჯები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჯულიუს ფრენსისი სკანდალში გაეხვა, მან მამაკაცი ერთი დარტყმით გათიშა
  • 57 წლის ვეტერანი ინგლისელი მოკრივე ამჟამად დაცვის თანამშრომელია

ვეტერანი მძიმეწონოსანი მოკრივე ჯულიუს ფრენსისი სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მან მამაკაცს სახეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა გონება დაკარგა.

ფრენსისი, რომელიც ახლა 57 წლისაა, ლონდონში BoxPark-ის დაცვის თანამშრომელია და ინციდენტიც იქ მოხდა. მამაკაცი BoxPark-ის სტაფს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა და ყვიროდა, რის შედეგადაც, ფრენსისმა ის მიწაზე დაანარცხა.

მომხდარზე პოლიციამ გამოძიებაც დაიწყო: "პოლიციას აქვს ინფორმაცია სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების შესახებ. მიმდინარეობს გამოძიება გარემოებებისა და მონაწილეთა ვინაობის დასადგენად", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

"ეს ინციდენტი ამჟამად კვლევის პროცესშია და მიმდინარე გამოძიების ნაწილია, შესაბამისად, ამ დროისთვის დამატებით კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისა და პერსონალის უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია", - თქვა BoxPark-ის პრესსამსახურმა.

ფრენსისა და ტაისონის ჩხუბი - 2000 წელი.

ფრენსისი დაიცვა BoxPark-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა როჯერ უეიდმა: "ჯულიუს ფრენსის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. თავისუფალ დროს ის ახალგაზრდა ბავშვებს, რომელთაც ამის საშუალება არ აქვთ, კრივში ავარჯიშებს. ჯულიუსმა და ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა 15 წუთი გაატარეს ამ კაცისა და მისი მეგობრების დამშვიდებაში, რომლებიც იფურთხებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენს კლიენტებსა და პერსონალს. ეს იყო პროვოკაციები და საბოლოოდ, ჯულიუსმა თავი დაიცვა".

შეგახსენებთ, რომ ჯულიუს ფრენსისმა პროფესიონალურ კარიერაში 48 ბრძოლა გაიმართა, საიდანაც 23 გამარჯვებით დაასრულა. ერთხელ, კონკრეტულად კი 2000 წელს, მან მაიკ ტაისონის წინააღმდეგაც იჩხუბა.

კომენტარები

ბოლო ამბები