Thumbnail

თემურ ქეცბაია და ანორთოსისი შეთანხმდნენ - მხოლოდ კომპენსაციაზე

  • თემურ ქეცბაიამ და ანორთოსისის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართეს
  • მხარეებმა თანამშრომლობის გაწყვეტასა და კომპენსაციაზე მოილაპარაკეს

გადაწყდა, რომ თემურ ქეცბაია ფამაგუსტას ანორთოსისს დატოვებს. ამის შესახებ კვიპროსული მედია წერს, რომლის ცნობით, კლუბი მწვრთნელთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოაცხადებს, 54 წლის ქართველი სპეციალისტი კი, რომელსაც კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, კომპენსაციას მიიღებს.

თემურ ქეცბაია და სოსო ჭედია ანორთოსისს დატოვებენ

თემურ ქეცბაიასა და ანორთოსისის ხელმძღვანელობას ურთიერთობა, ახლახან დანიშნული სპორტული დირექტორის, ნეოფიტოს ლარკუს გამო გაუფუჭდათ, რომელიც სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა. ეს მიუღებელი აღმოჩნდა ქეცბაიასთვის, რომლის ასისტენტის თანამდებობას სოსო ჭედია იკავებდა.

Goal.com.cy-ს ცნობით, მწვრთნელმა და კლუბის ხელმძღვანელებმა მოლაპარაკება ერთხელ კიდევ სცადეს, მაგრამ მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ღირს.  ანორთოსისი ქეცბაიას, რომლის წლიური ხელფასი დაახლოებით 270 000 ევროს შეადგენს, კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტისთვის კომპენსაციის სახით 120 ათას ევროს გადაუხდის.

უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ანორთოსისის მეკარე გიორგი ლორია

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ მდიდარი საფეხბურთო კარიერა სწორედ ანორთოსისში დაასრულა, 2004-2007 წლებში კი ის ამ კლუბში მოთამაშე მწვრთნელი იყო. თანამდებობიდან თემური 2009 წელს წავიდა, მისი დაბრუნება კი ათი წლის შემდეგ, 2019 წელს შედგა. ანორთოსისის მწვრთნელის რანგში მან კვიპროსის ჩემპიონატი 2005 და 2008 წლებში მოიგო, 2021-ში კი კვიპროსის თასს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები