Thumbnail

ძალოსნობა | ესართია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! პირველი მედალი მექსიკიდან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ესართიამ შტანგასთან ექვსივე მისვლა გამოიყენა
  • მან საქართველოს 3 რეკორდი გააუმჯობესა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა. 89 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ესართია მხოლოდ ერთ მეტოქეს ჩამორჩა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ესართიამ მწვრთნელების მითითებები ჩინებულად შეასრულა და იმ ორ სპორტსმენს შორის მოხვდა, რომელთაც ყველა ანუ 6-6 ცდა გამოიყენეს. ნიკოლოზმა ატაცში 132, 137 და 141 კგ. დასძლია, ხოლო აკვრაში 164, 170 და 174-კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა.

ნიკოლოზ ესართია

ატაცი: 132 კგ ✅, 137 კგ ✅, 141 კგ ✅
აკვრა: 164 კგ ✅, 170 კგ ✅, 174 კგ ✅

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ესართიამ საგრძნობლად გააუმჯობესა საქართველოს რეკორდები: ატაცში – 7, ხოლო აკვრაში ერთბაშად 13 კგ-ით. შედეგად, მისი ჯამური შედეგი 315 კგ. ქვეყნის უწინდელ რეკორდს 20 კგ-ით აღემატება.

საინტერესოა, რომ ქართველმა ძალოსანმა მე-3 ადგილზე გასულ ვენესუელელ ლეონ აველიას 35 კგ-ით აჯობა, თუმცა, ასევე სოლიდური იყო თავად მისი ჩამორჩენა მსოფლიოს ჩემპიონ მაჰმუდ ჰასანთან. ეგვიპტელი სპორტსმენმა საოცარი შედეგები დააფიქსირა (ატაცში 150 კგ. აკვრაში – 193 კგ.) და ჯამში 343 კგ. მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ მექსიკაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა გიგა ოდიკაძემ, არჩილ ოქროპირიძემა (ორივე – 55 კგ.) და ლევან ოჩიგავამ (73 კგ.), 17 ივნისს კი, ფიცარნაგზე გეგი თაბაგარს (96 კგ.) ვიხილავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები