Thumbnail

იტალიური ნაპოლი მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ფლანგის კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატებას აპირებს. საუბარია 28 წლის ესპანელ გარემარბ ჟერარ დეულოფეუზე, რომელიც ამჟამად იტალიური უდინეზეს ღირსებას იცავს. როგორც Spazionapoli წერს, დეულოფეუ-კვარაცხელიას წყვილის დამატებით, ნაპოლის თამაში ძალიან მრავალფეროვანი გახდება.

“გასულ სეზონში სპალეტის ნაკლებად დააკმაყოფილებდა ინსინიეს, პოლიტანოსა და ლოზანოს თამაში, მითუმეტეს, გოლების მხრივ. ნეაპოლელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ფლანგებიდან თამაში გაააქტიურონ და პირველ რიგში ტექნიკურ და დინამიკურ ფეხბურთელებს ეძებენ. კვარაცხელიას და შესაძლოა, დეულოფეუს დამატებით, ნაპოლი სუპერმოთამაშეებს შეიძენს, რომლებიც მუდმივად შეტევაზე იქნებიან ორიენტირებულნი. ორივე ძალიან მოძრავია, ეს კი სხვებს დამატებით სივრცეებს შეუქმნის. აღნიშნული განსაკუთრებით ვიკტორ ოსიმჰენს უნდა დაეხმაროს, მითუმეტეს, რომ ახალ სეზონში მისი უფრო წინ წაწევა იგეგმება”.

როგორც ირკვევა, გამოცდილი ესპანელის თაობაზე ნაპოლისა და უდინეზეს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. კლუბების ხელმძღვანელებს შორის კარგი ურთიერთობა არსებობს და შეთანხმება მალე უნდა შედგეს. თავდაპირველად, უდინელები დეულოფეუს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ნაპოლი 15-ს გადახდაზე იყო თანახმა, საბოლოო ფასი კი, ალბათ, 18 მილიონი იქნება. საუბარია 4+1-წლიან კონტრაქტზე, რომლის თანახმადაც ჟერარი სეზონში სამ მილიონ ევროს მიიღებს.

სავარაუდოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბათუმელთა მაისურით ბოლოჯერ 29 ივნისს დინამო თბილისთან ითამაშებს

შეგახსენებთ, რომ დეულოფეუ ბარსელონას აღზრდილია და ამ გუნდის გარდა, ევერტონში, სევილიაში, მილანსა და უოტფორდშიც უთამაშია. მას ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს გავლილი, ეროვნულ გუნდში კი 4 მატჩი აქვს ჩატარებული. გასულ სეზონში უდინეზეს რიგებში ჩინებულად გამოიყურებოდა და 37 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

ამავდროულად, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში გამოცხადების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებული ცნობის თანახმად, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ლიდერი იტალიაში უკვე 1 ივლისს უნდა ყოფილიყო, თუმცა, სხვაგვარად წერს Corriere Dello Sport:

“ქართველ გარემარბს ეროვნულ გუნდში ჩინებული მატჩები ჰქონდა და ახლა, ისევ საკლუბო ასპარეზზე უნდა გადაერთოს. მას დინამო ბათუმის მაისურით საქართველოს ჩემპიონატში ბოლო მატჩი 29 ივნისს ელის, შემდეგ კი რამდენიმე დღე დაისვენებს და ნაპოლის მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდება. ამგვარად, გამოდის, რომ კვარაცხელიას იტალიაში დაახლოებით 7-8 ივლისს უნდა ველოდეთ, სწორედ მაშინ, როდესაც ნაპოლი დიმაროს შეკრებაზე გამგზავრებას აპირებს”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დინამო ბათუმის მაისურით საქართველოს ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა. ბათუმელებს 5-6 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ელით სლოვაკურ სლოვანთან, თუმცა, ამ შეხვედრაში ხვიჩას თამაშის შანსი ძალიან მცირეა. როგორც აღვნიშნეთ, კვარაცხელია სწორედ ივლისის დასაწყისში უნდა შეუერთდეს ნაპოლის, რომელთანაც 5-წლიან კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები