Thumbnail
  • 19 ივნისს გურამ ქუთათელაძე ყაზახ დამირ ისმაგულოვს შეებრძოლება
  • შეხვედრა აშშ-ის ქალაქ ოსტინში, ტურნირში UFC on ESPN 37 გაიმართება
  • ყაზახმა სპორტსმენმა ბრძოლის წინ ქართველი მეტოქე დაახასიათა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გურამ ქუთათელაძე UFC-ში თავისი მეორე ბრძოლისთვის ემზადება, რომელსაც აშშ-ში, თბილისის დროით 19 ივნისს გამთენიისას გამართავს. შვედეთის მოქალაქეობის მქონე 30 წლის ქართველი მებრძოლი ყაზახ დამირ ისმაგულოვს დაუპირისპირდება. 

დაპირისპირების წინ ისმაგულოვმა ყაზახურ მედიას ესაუბრა და ქართველი მეტოქეც დაახასიათა. 

"მგონია, რომ ის (გურამ ქუთათელაძე) ქვასავით მაგარია. უხეში, მაგრამ ამავდროულად, კეთილი ბიჭია. 

ვნახე მისი ორთაბრძოლა. მისი ბაზა დარტყმაა, მაგრამ ვფიქრობ, მას ყველაფერი შეუძლია. იმ დარბაზში, სადაც ვარჯიშობს, ჭიდაობაც კარგ დონეზეა. სახიფათო მეტოქეა. ვნახოთ, ყველაფერი ოქტაგონზე გამოჩნდება.

როდესაც გურამთან ბრძოლა შემომთავაზეს, ვთქვი: "კარგია, წავედით". ვიცი, რომ გურამიც ძალიან კარგი მებრძოლია. პრინციპში, ვინც ბრძოლებში ერკვევა, ხვდება, რომ ეს კარგი დაპირისპირება იქნება - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ამ ტურნირზე", - ამბობს ისმაგულოვი გურამთან ბრძოლის წინ.  

ქუთათელაძე ოქტაგონზე 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გასულა 

გურამ ქუთათელაძეს კარიერაში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 მოიგო. UFC-ში კი აქამდე მხოლოდ ერთხელ იჩხუბა - 2020 წელს პოლონელი მატეუშ გამროტი დაამარცხა, რომელიც ამჟამად მსუბუქი წონის მე-12 ნომერია. მას შემდეგ გურამს ტრავმა აწუხებდა, ოპერაციაც გაიკეთა და მწყობრში მხოლოდ ამა წლის დასაწყისში ჩადგა. დამირ ისმაგულოვთან გამარჯვების შემთხვევაში, დიდი შანსია, ქუთათელაძე UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის ტოპ 15-ში შეიყვანონ.

31 წლის დამირ ისმაგულოვს MMA-ში ჩატარებული 21 ბრძოლიდან 20 მოგებული აქვს, UFC-ში მის ანგარიშზე ოთხიდან ოთხი მოგებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები