Thumbnail

NBA-ს 2021/22 წლების ჩემპიონი გაირკვა. გოლდენ სტეიტ უორიორსმა ბოსტონში გამართულ ფინალური სერიის მეექვსე დაპირისპირებაში შეძლო სელტიკსის დამარცხება, სერია ანგარიშით 4-2 მოიგო და NBA-ს ჩემპიონობა ისტორიაში მეექვსედ, 2017/18 წლების სეზონის შემდეგ კი, როდესაც ფინალში კლივლენდს აჯობა, პირველად იზეიმა.

"TD Garden"-ში გამართულ დაპირისპირებაში გოლდენ სტეიტის რიგებში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო, რომელმაც 34 ქულა, 7-7 მოხსნა და პასი მიითვალა. უორიორსის ვარსკვლავი, რომელიც პლეი ოფის 6 თამაშში საშუალოდ 31,2 ქულას, 6,0 მოხსნასა და 5,0 პასს აგროვებდა, მის კარიერაში პირველად, ფინალური სერიის MVP-ად დაასახელეს. 

კარიმ უორიორსთან ერთად ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეოთხედ მოიგო

კარიმ პლეი ოფის 22 მატჩში ჯამში 602 ქულა მიითვალა, რითაც ლიგის ისტორიაში ამ მაჩვენებლით ლებრონ ჯეიმსს (580 ქულა 2020 წელს) და მაიკლ ჯორდანს (590 ქულა 1997 წელს) გადაასწრო და მეორე ადგილზე აინაცვლა. პირველი იგივე ჯორდანია, რომელმაც 1998 წლის პლეი ოფში 680 ქულა ჩააგდო. 

სერიის მე-6 მატჩში გოლდენ სტეიტის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა (12 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი). ბოსტონს კი ჯეილეინ ბრაუნმა ულიდერმა, რომლის ანგარიშზე 34 ქულაა, 7 მოხსნა და 3 პასი იყო. ორმაგი დუბლი ჰქონდა ალ ჰორფორდს (19 ქულა, 14 მოხსნა).


უორიორსის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა ფინალურ სერიაში გამარჯვება შეაფასა და სტეფ კარის შესახებ ისაუბრა.

"ეს, შესაძლოა, ყველაზე მოულედნელი ტიტულია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო დროს, მაგრამ გამიმართლა. ამ ყველაფრის მიზეზი კარია. ბევრჯერ მითქვამს, სტეფენი ტიმ დანკანს მაგონებს. რა თქმა უნდა, ისინი სრულიად განსხვავებული მოთამაშეები არიან, მაგრამ მე ვგულისხმობ განწყობას, თავშეკავებულობას, ჰუმანურობასა და თავდაჯერებულობას. ამ დიდებული თვისებების კომბინაცია ყველას აიძულებს, მიჰყვეს მას. რა თქმა უნდა, ყველამ, ვინც აქ არის, მაქსიმუმი გაიღო, მაგრამ ვფიქრობ, კარის გარეშე ეს ყველაფერი არ იქნებოდა", - თქვა სტივ კერმა.

გოლდენ სტეიტის წარმატებას სოციალურ ქსელში უმალ გამოეხმაურა ზაზა ფაჩულია, რომელიც 2017 და 2018 წლებში უორიორსთან ერთად ზედიზედ ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი, ამჟამად კი კლუბში საკალათბურთო და ბიზნეს ოპერაციათა კონსულტანტად მუშაობს. 2+1 - დაწერა ზაზამ.

კომენტარები

ბოლო ამბები