Thumbnail
  • თორნიკეს და აპოელ-ს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა
  • საქართელოს ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი ახალ კლუბს მოძებნის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ნიქოზიის აპოელ-თან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ამის შესახებ კვიპროსული კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

"თორნიკეს წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიონალურ კარიერასა და პირად ცხოვრებაში", - წერს აპოელ-ის ოფიციალური საიტი

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი აპოელ-ში გასულ ზაფხულს, გიორგი ქვილითაიასა და ბუბა დაუშვილთან ერთად გადავიდა. 30 წლის ნახევარმცველმა აპოელ-თან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მას ვადა 2024 წლის მაისში გასდიოდა.

აპოელ-ში თორნიკე ოქრიაშვილზე დიდ იმედებს ამყარებდნენ

თორნიკემ ნიქოზიის გუნდის ღირსება ყველა ტურნირის 27 მატჩში დაიცვა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. როგორც ჩანს, აპოელ-ში ოქრიაშვილისგან გაცილებით მეტს ელოდნენ და საბოლოოდ. მასთან თანამშრომლობის ნაადრევად გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

კვიპროსული მედია წერდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ,  კლუბისგან კომპენსაციის სახით, ორი თვის ხელფასის, დაახლოებით 70 ათასი ევროს გადახდას ითხოვდა. 

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ოქრიაშვილი.

თორნიკეს საქართველოს ნაკრების 50 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, რომელიც სამშობლოში გაგრაში გამოდიოდა, ასევე უთამაშია კვიპროსულ ანორთოსისში, რუსულ კრასნოდარში, თურქულ ესკიშეჰირსპორში, ბელგიურ გენკში, უკრაინულ ჩერნომორეცსა და მარიუპოლში.

კომენტარები

ბოლო ამბები